LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის – ვის, რამდენით გაუძვირდება სესხი

74
424a47d26101c371e8179dbd651fddc0-XL

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებმა” კი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ინფორმაციით, 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5909 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 5713 მილიონიდან 5909 მილიონ ლარამდე.

111400  ხელშეკრულებიდან 30900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 745.51 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 15.88% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 41600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1924.52  მილიონი ლარია.

35200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2995.54 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1035.08 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 1960.46 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.257  ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.643 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.17%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2606 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები