LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლავი უილი გარსონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

147
242296709-1430609350659101-8967230579959697043-n

„სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლავი უილი გარსონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ვაჟმა, ნათანმა გაავრცელა, რომელმაც „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაპოსტა: „მამა, ძალიან მიყვარხარ, მშვიდად განისვენე. ბედნიერი ვარ, რომ შენს ყველა თავგადასავალს მიზიარებდი და ვამაყობ, რომ ასეთი წარმატების მიღწევა შეძელი. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ახლა დროა, რომ თავგადასავლისაკენ სავალ გზაზე მარტო წახვიდე“…

სოციალურ ქსელებში გარსონის გარდაცვალებას მისი კოლეგები: მეტ ბომერი, სინტია ნიქსონი და ტიმ დიქეი გამოეხმაურნენ.

გარსონს პოპულარობა სერიალმა „სექსი დიდ ქალაქში“ მოუტანა, სადაც ის კერი ბრედშოუს კეთილი და უანგარო მეგობრის, სტემფორდ ბლეჩის როლს ასრულებდა. მალევე მან მონაწილეობა მიიღო ტელე-პროექტებში: „თეთრი საყელო“, “ოჯახური კავშირები“ და „Cheers“.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა „სექსი დიდ ქალაქშის“ აღმასრულებელი პროდუსერის, მაიკლ პატრიკ კინგის თქმით, გარსონი ხანგრძლივად ავადმყოფობდა.

„ჩვენმა დიდმა ოჯახმა გამორჩეული წევრი დაკარგა. უილის შესახებ მოგონებები ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება. ის მუდამ ადგილზე იყო ყველას დასახმარებლად, მუდამ შესანიშნავად აკეთებდა თავის საქმეს მაშინაც კი, როდესაც ავად იყო. მისი, როგორც მსახიობის და ადამიანის უამრავი დადებითი თვისება, მისი დამოკიდებულება საქმის და ადამიანების მიმართ ყოველთვის გამორჩეული იყო. უილი ნამდვილად ძალიან  დაგვაკლდება.“- განაცხადა კინგმა.

გარსონის გარდაცვალებას გამოეხმაურა „თეთრი საყელოს“ ვარსკვლავი მეტ ბომერი, რომელიც არა მხოლოდ ეკრანზე, ცხოვრებაშიც მეგობრობდა. „უილი, მეგობარო. მე არ მესმის. ეს უსამართლობაა. გასულ წელს შენ იმდენი მასწავლე სიმამაცეზე, გამძლეობასა და სიყვარულზე. მე ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია სამყარო, რომელშიც შენ არ ხარ. სადაც არ შემიძლია დაგირეკო, როცა ტირილი ან სიცილი მინდა“– წერს  43 წლის მსახიობი და დასძენს, რომ უილი მაშინაც კი მის გამხიარულებას ცდილობდა, როდესაც თვითონ აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა..

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები. ჩვენს გულებსა და მოგონებებში ყოველთვის იქნები და მინდა იცოდე, რომ „თეთრი საყელოს“ ოჯახი ყოველთვის ნათანის გვერდით იქნება. მომდევნო ცხოვრებაში შევხვდებით.“ – წერს ბომერი „ინსტაგრამზე“.

გარსონის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მისი სხვა კოლეგებიც, მათ შორის სინტია ნიქსონი („სექსი დიდ ქალაქში“) და ტიმ დიქეი („თეთრი საყელო“), რომლებმაც მსახიობის გასახსენებლად თბილი სიტყვები არ დაიშურეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები