LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სექტემბერში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, თუმცა, ზამთარი გრიპის ვირუსებით დატვირთული გველის” – რა რეკომენდაციით მიმართავს ივანე ჩხაიძე მოსახლეობას

314
556

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით სტაბილურად უმჯობესდება.

როგორც ჩხაიძე “ფორტუნასთან” ამბობს, სიტუაცია შემაშფოთებლად შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობა ერთ კვირაში 13 ათასიდან 26 ათასამდე გაიზრდება. 

 

 

„ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა გვაქვს ყოველკვირეული და არა ყოველდღიური სტატისტიკა. ბოლო თვეების სტატისტიკა მიუთითებს, რომ საქართველოში ფაქტობრივად ომიკრონის ქვემუტაციით გამოწვეული ტალღის შემდეგ აბსოლუტურად მინიმალური მაჩვენებელი გვქონდა მასისსა და ივნისში,  თუმცა ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შემთხვევების მატება დაიწყო, მაგრამ ეს მატება არაა მნიშვნელოვანი.

კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად იდენტურია. 10, 11 და 12 ათასი და 13 ათასი ფიქსირდება.  ფაქტობრივად თვეზე მეტია, რაც არ აღინიშნება მატება და გვაქვს სტაბილური ციფრი.

დაინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშო იქნება მაშინ, როდესაც 13 ათასიდან უცებ 26 ათასამდე მივიღებთ შემთხვევების ზრდას.

ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილური. 

13 ათასი დაინფიცირებული კვირის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში 1500 პაციენტი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვიდრე იყო მაისისა და ივნისის განმავლობაში. ამ დროს ჩვენ გვქონდა 250-300 შემთხვევა დღეში. ახლა ეს შემთხვევა გაზრდილია, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ არაა ჩვენთან ციფრების მკვეთრი მატება“. – ამბობს ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

რით განსხვავდება ახლა გავრცელებული კორონავირუსი ძველი შტამებისგან?

„ინფიცირებულების 95 % მოდის ისეთ პაციენტებზე, რომელთა დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. არის ბინაზე მართული შემთხვევები, რომელიც თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ესაა ომიკრონის ერთ-ერთი განმასხვავებელი.

 ეს არის მუტაცია, რომელიც ხასიათდება სწრაფი გადამდებლობით, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა არის შედარებით მსუბუქი.

ომიკრონის ახლა გავრცელებულ მუტაციებს პირველ რიგში ვადარებთ დელტა ვარიანტს, რომელიც ქვეყანაში იყო ყველაზე მძიმე ტალღის გამომწვევი“. – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

 მოსალოდნელია თუ არა შემთხვევების მატება?

„კვირის ჭრილში გარდაცვალებულების რაოდენობა 3-5-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ არის ქვეყანაში დღეები, როცა საერთოდ არც-ერთი ადამიანი არაა კორონავირუსით გარდაცვლილი.

ეს ძალიან კარგია და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი კვირიდან ინფიცირებულების კლება დაიწყება. ჩვენი ვარაუდით შემთხვევების მატება დაიწყება მაშინ, როდესაც აცივება დაიწყება და რესპირატორული ვირუსებით დაავადების ალბათობა დიდია.  ინფექციების გავრცელების ალბათობა გაიზრდება, როდესაც  უფრო მეტი ადამიანების აღმოჩნდებიან მუდმივად დახურულ სივრცეში.

ეს მოსალოდნელია, ნოემბერ-დეკემბერში მოხდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში უფრო მეტად დასტაბილურდეს ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი.

მაგრამ მოსალოდნელია და ჯანმოც გვაფრთხილებს, რომ გვიან შემოდგომაზე შემთხვევების მატება ისევ გაიზრდება,“ – ამბობს ჩხაიძე.

რამდენად მოსალოდნელია პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ დაბრუნდეს კოვიდრეგულაციებში?

 

 

„ჩვენ შეგვიძლია  მოსახლეობას რეკომენდაცია მივცეთ, რომ ზამთრის პერიოდში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება იყოს ისეთივე ინტენსივობის, როგორიც გვქონდა თუნდაც ერთი წლის წინ.

გამოსავალი ზოგადად არის მარტივი –  ვაქცინაცია. 

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია, გვესმის, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად იმ ერთ მილიონზე მეტ ადამიანებზე, რომელსაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა და ერთი დამატებითი ბუსტერ-დოზით შეუძლია, მომდევნო ექვსი თვე გახადოს სრულიად უსაფრთხო.

ჩვენი მიზანია, ამ ხალხის ინფორმირებულობა. ამ ხალხთან გვინდა მარტივი ჭეშმარიტების მიტანა, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანისთვის ერთი დამატებითი ბუსტერდოზა კორონავირუსის ომიკრონისაგან თავის დაცვის ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ბევრი ადამიანი ახლა დაიწყებს ვაქცინაციის პროცესს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ 2 დოზა, შეუძლიათ თავიანთი ცხოვრება უსაფრთხო გახადონ ამ ერთი დამატებითი ბუსტერდოზით.

რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში შემოვიდა რეკომენდაცია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მეოთხე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით.

კორონავირუსით დავირუსების შემთხვევაში მათი დამძიმების შანსი მატულობს, ამიტომ მათთვის მეორე დოზის გაკეთება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოსავალი“. – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ვირუსები, რომელიც კორონავირუსის გარდა ცირკულირებს ქვეყანაში

 

 

„იაშვილის კლინიკა 2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულში უპრეცედენტოდ  მაღალი დატვირთულობის მაჩვენებლით გამოირჩეოდა.

წელს საქართველოში და ასევე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არაკორონავირუსით გამოწვეული ვირუსების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გრიპის ვირუსი ქვეყანაში იწყება ნოემბერში და მთავრდება მარტში.

მაგრამ ახლა პირიქით მოხდა. აპრილის შემდეგ დაიწყო გრიპის ვირუსმა მატება.

აპრილში, მაისში და ივნისში დაფიქსირდა გრიპის მაქსიმალური მატება, რომლის მსგავსი საქართველოში არ ყოფილა.  (იაშვილი წარმოადგენს დაავადებათა ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას.)

სამწუხაროდ მატება რესპირაციული დაავადებების ახლაც არის. ვირუსული ინფექციებით მომართვიანობა შედარებით შემცირდა, ვიდრე იყო მაისსა და ივლისში, მაგრამ  სექტემბრის თვისთვის მაინც ძალიან მაღალია.

ინფექციებისგან დაცვის საშუალება ბევრი არ გვაქვს. თუმცა ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ გრიპის ვირუსის პრევენციის შესაძლებლობა ქვეყანაში არსებობს, ესაა-გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ეს არ ეხება ყველა ასაკობრივ რიცხვს. როცა კორონავირუსზე ვსაუბრობთ, ეს ეხება ყველა ასაკობრივ რიცხვს. როცა გრიპზე ვსაუბრობთ, ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციას და ასევე  რეკომენდებულია ვაქცინაცია ორსულებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობასა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში.

სექტემბერ – ოქტომბერში როდესაც შემოვა, ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, ჩემი რეკომენდაციაა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები აუცილებლად აცრან, რადგან წელს ზამთარი ვფიქრობთ, რომ იქნება უფრო მეტად დატვირთული, ვიდრე ეს იყო 2020-2021 წლებში“. – ამბობს „ფორტუნასთან“ ივანე ჩხაიძე.