შატილის გზაზე დაღუპული ადამიანების ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის. თუმცა სოციალური ქსელების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ნუცა ყანადაშვილია. ის ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნუცას დედაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მეგობრები წერენ.
,,ეს რა დღე გათენდა ღმერთოოო. ჩემო ნიჭიეროო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა. ჩემო ბავშვობის და გონების ნაწილოო. თან დედასთან ერთად, მაია დეიდა, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. როგორ მტკივა გული ღმერთოოო. ნათელი და სანთელი დაგიმკვიდროთ უფალმა მარადიულ სასუფეველში”, – წერს ნუცას ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
ტრაგედიას გამოეხმაურა ტურისტული კომპანიის IVER TOURS წარმომადგენელი ლაშა თურმანიძე. ისიც ნუცაზე წერს:
,,ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთქო, წასულა მაინც ეს საყვარელი გოგონა.
გუშინ, ფეისბუქზე, ხევსურეთში ყოფნისას დაწერა “ჩემი სული, სულ აქ არის, სულ”, – წერს ლაშა თურმანიძე სოციალურ ქსელში.
23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.