LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეფასებული და დაფასებული” – საქართველოს პრემიერის საშინაო და საგარეო საკითხები

92
106732916-1728603177277579-1183397588991959676-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნას დაესწრო. გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე მედიის კითხვებს უპასუხა. პრემიერის განმარტებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც აკონტროლებს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. მისივე თქმით, არის “შეფასებული და დაფასებული” საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მთავრობის მეთაურმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ რეფორმა არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ქვეყნის მიღწევაა.

 

სახელმწიფო მმართველობა და ახალი პოლიტიკური მოთამაშეები

„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომელიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდშიც, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში. საარჩევნო სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სისტემური რეფორმაა. აქ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რასაც ახლა ჩვენ მივაღწიეთ, ესაა ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი აღნიშნავს, რომ დროა პოლიტიკური ელიტების შეცვლის, რაც მისივე თქმით პოლიტიკაში ახალგაზრდების მოსვლას გულისხმობს. გახარია ამბობს, რომ პროცესი რთული იქნება, თუმცა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

„ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, უახლოესი წლების განმავლობაში, ამ ცვლილებას იგრძნობს, ეს არ იქნება მარტივი, იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. ყველა ადამიანმა, პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ“ – განაცხადა პრემიერმა.

 

როდის გაიხსნება საზღვრები?

მთავრობის მეთაურმა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით აღიარებულია და რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს საზღვარი უკვე გაუხსნა. პრემიერის განცხადებით, აღიარება ქვეყანამ ეკონომიკური მიღწევებისთვის უნდა გამოიყენოს. გახარიას განმარტებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა კონკრეტულ ქვეყნებთან სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია დაადგინა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში – ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ეს სია გადაიხედება.

„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა. აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და ევროკავშირმა წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის და საფრთხის შემცველი მათი სახელმწიფოებისთვის არ იქნება. მშვენიერია, პირველი მიღწევა. ეს მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემდგომ, ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ მიღწევებში გამოვიყენებთ. ამიტომ, ვსაუბრობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც გონივრული მიდგომები სჭირდება” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვართან დაკავშირებულ საკითხს, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჯერ არ იგეგმება გახსნა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნაჩქარევ ნაბიჯს არ გადადგამს.

„კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ. სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ემიგრანტების დაბრუნების გეგმა და ავიაბილეთები

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები. რაც შეეხება ბილეთის ფასს, პრემიერი ამბობს, რომ ემიგრანტები სამშობლოში დასაბრუნებლად 200 ევროზე მეტ თანხას არ გადაიხდიან. ემიგრანტების დაბრუნება ორგანიზებულად მოხდება და მთავრობის პროგრამა 6 ივლისიდან კვლავ გაგრძელდება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან. პრემიერი აცხადებს, რომ ორშაბათს კონკრეტული სია მზად იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება. ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“ – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ შემდგომი 10-15 წელი ქვეყანაში რეფორმების პროცესი გაგრძელდება. გიორგი გახარიას აზრით, ქვეყნის სამართლებრივი, ინსტიტუციური მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედიასივრცე, უახლოესი წლების განმავლობაში მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანი როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სრულფასოვანი წევრობაა, რისთვისაც გახარიას ვარაუდით  “ბევრი რეფორმის გატარება და ბევრი შრომა მოგვიწევს.”