ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ. როგორც მან განაცხადა, მზად არის ამისთვის სივრცე გამოყოს.
“კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს.
მგონი, ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი”, – თქვა მიტროპოლიტმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზი იმ სასულიერო პირებს შორისაა, რომელმაც სააკაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოინახულა.
მან 13 ოქტომბერს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ “საყოველთაო შერიგების” აუცილებლობაზე ისაუბრა და ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.