ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლობლები მესამე დღეა ეძებნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, „იზა ჩირგაძე იმყოფება ოჯახთან ერთად და არის უსაფრთხოდ“.
მათივე ინფორმაციით, ჩირგაძის ადგილსამყოფელს მიაგნეს ერთ-ერთი რეგიონის სოფელში, თუმცა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებენ. ჟურნალისტის ცნობით, თავად იზა ჩირგაძე და მისი მეუღლე კონტაქტზე არ გამოდიან. ჩირგაძის სოფელში ყოფნას მისი მეზობლები ადასტურებენ.
შეგახსენებთ, 1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.