LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვებულება“ – საინტერესო ფაქტები საუკეთესო საშობაო მელოდრამის შესახებ

637
movienews45

,,შვებულება” ბევრი ადამიანისათვის საყვარელი საშობაო მელოდრამაა, რომელიც დეკემბერში სანახავი ფილმების სიაში შედის.ალბათ ყველამ ვიცით ორი ქალბატონის ისტორია, რომლებმაც პირად ცხოვრებაში არსებული კრიზისის დასაძლევად საშობაოდ სახლების გაცვლა გადაწყვიტეს,იმან კი, რაც შემდეგ მოხდა, მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. როგორც ყველა სხვა ფილმის, “შვებულების” შესახებაც არსებობს ნაკლებად ცნობილი საინტერესო ფაქტები. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

„გამაოგნებელი სიყვარული“ / Punch-Drunk Love

ფილმის ერთ ეპიზოდში ქეით უინსლეტის გმირი აირისი საყურებლად ფილმ „გამაოგნებელ სიყვარულს“ ირჩევს, თუმცა ყურებას ჯეკ ბლექის პერსონაჟი მაილსი აწყვეტინებს, რომელიც მისი სასიყვარულო ინტერესი ხდება. საინტერესოა, რომ ფილმი „გამაოგნებელი სიყვარული“ ასევე ინგლისელი ქალის და ამერიკელი მამაკაცის რომანზე მოგვითხრობს.

დასტინ ჰოფმანი

დასტინ ჰოფმანს ფილმში კამეო აქვს, თუმცა ეს დაგეგმილი სულაც არ ყოფილა. იმ დღეს ჰოფმანი უბრალოდ გადასაღები მოედნის ახლოს აღმოჩნდა და გადაწყვიტა ენახა რა ფილმს იღებდნენ. რადგან ჰოფმანი ფილმის რეჯისორ ნენსი მაიერსს იცნობდა, კამეოს გადაღებაზეც დათანხმდა, რომელიც საბოლოოდ ფილმში მოხვდა.

ჯუდ ლოუს „ქალიშვილები“

საინტერესოა, რომ ლოუს, რომელიც ფილმში პერსონაჟ აირისის ძმის როლს თამაშობს, სინამდვილეში ჰყავს ქალიშვილი, სახელად აირისი. ლოუმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად იმ ახალბედა მსახიობებთან მუშაობა ანიჭებდა ბედნიერებას, რომლებიც მისი პერსონაჟის ქალიშვილების, სოფის და ოლივიას როლებს ასრულებდნენ.  ეს იმის ფონზე, რომ ლოუს პარტნიორები ფილმში კამერონ დიასი, ქეით უინსლეტი დაჯეკ ბლექი იყვნენ.

„მოკალით რეჟისორი“

იმ უამრავი ადამიანის აზრს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ „შვებულება“, სულაც არ იზიარებენ ბრიტანული როკ-ჯგუფის, The Wombats-ის წევრები. მათი თქმით ჯგუფის სიმღერა “მოკალით რეჟისორი“ სწორედ „შვებულების“ ნახვითაა შთაგონებული, რომელიც ჯგუფის წევრებს საშინლად არ მოეწონათ.

უინსლეტის იმპროვიზაციები

ფილმში ქეით უინსლეტის მონაწილეობით არაერთი დაუგეგმავი სცენაა, რომლებმაც საბოლოო ვერსიამდე მიღწევა შეძლო. მათ შორისაა ცნობილი სცენა, როდესაც ლოს-ანჯელესში ახალი ჩასული აირისი პირდაპირ ამანდას სახლის ეზოში ცეკვავს. სრული იმპროვიზაციაა ასევე „ბლოკბასტერის“ სცენა აირისის და მაილსის მონაწილეობით.

ლინდსი ლოჰანი და ჯეიმს ფრანკო

ფილმის რეჟისორი ნენსი მაიერი ლინდსი ლოჰანს კარგად იცნობს, რადგან „მშობლებისათვის დაგებული მახე“ სწორედ მისი გადაღებულია. სწორედ ამიტომ მაიერს არ გასჭირვებია ლინდსი კამეოზე დაეთანხმებინა. ლინდის წყალობით კამეოში მონაწილეობას ჯეიმს ფრანკოც დათანხმდა. ლოჰანი და ფრანკო „მონაწილეობენ“ იმ ფილმში, რომელზეც კამერონ დიასის პერსონაჟი ამანდა მუშაობს.

„როუზ ჰილ კოტეჯი“

ქეით უინსლეტის გმირის, აირისის კოტეჯი „როუზ ჰილი“ სინამდვილეში არ არსებობს. იგი სპეციალურად ფილმისათვის ოთხ დღეში ააგეს, თუმცა შემდგომი ორი კვირა დიზაინერებს იმისათვის დასჭირდათ, რომ ნაგებობისათვის ისეთი სახე მიეცათ, როგორითაც ის ფილმშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კოტეჯს სახელი „როუზ ჰილი“ უინსლეტის პერსონაჟის, როუზის პატივსაცემად ჰქვია ფილმიდან „ტიტანიკი“.

ჯეკ ბლექი

„შვებულების“ რეჟისორმა ნენსი მაიერმა მაილსის პერსონაჟი პსეციალურად ჯეკ ბლექისათვის შექმნა და სხვა მსახიობი ამ როლზე არც წარმოედგინა. თუმცა ბლექის რომანტიკულ კომედიაში თამაშზე დათანხმება იოლი არ აღმოჩნდა. ის მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა შემოთავაზებას, რაც გაიგო, რომ მისი პარტნიორი ქეით უინსლეტი იქნებოდა.

აირისი და ჯასპერი

ფილმში აირისსა და ჯასპერს ტოქსიკური და დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თუმცა საბოლოოდ აირისი მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას ახერხებს. აღსანიშნავია, რომ აირისის და ჯასპერის როლების შემსრულებლები, ქეით უინსლეტი და რუფუს სიუელი ერთმანეთს რეალურადაც ხვდებოდნენ. ეს 90-იან წლებში მოხდა, მათი რომანი კი სამიოდე თვე გაგრძელდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები