“ნაციონალურ მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ისაუბრა.
პრემიერის ინფორმაციით, სააკაშვილი სიმულიანტობით ცდილობს კერძო პროფილის კლინიკაში გადასვლას, რადგან არსებობს გეგმა, რომ 30 ოქტომბერს მისმა მხარდამჭერებმა ის კლინიკიდან გაიყვანონ.
„კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, თვითონ იზიანებს თავის თავს და ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება, ჩვენ ამასთან, დამატებით, ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის.
მათი მიზანი რა იყო, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა სიმულანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ: 30 ოქტომბერს მოხდებოდა მათი მხარდამჭერების მობილიზება და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, “გაათავისუფლებდნენ.”
წარმოიდგინეთ, რა აბსურდში არიან“. – აცხადებს პრემიერი.
კითხვაზე, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია, პასუხობს:
„მე პრემიერ-მინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში, ჩამოვიდა და თავის ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და გაუთვლელი გაუგებარი გეგმა გააკეთა და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა,”- აღნიშნა პრემიერმა.