დედოფალ სოფიას ხელოვნების ცენტრის ნაციონალური მუზეუმი (Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía), შემოკლებით რეინა-სოფია (Reina Sofía) – პრადოს და ტისენ-ბორნემისას მუზეუმთან ერთად მადრიდის ”ხელოვნების ოქროს სამკუთხედს” ქმნის. მადრიდელები მას ირონიით ”სოფიდუს” ეძახიან პარიზში მდებარე პომპიდუს ცენტრის ანალოგიის გამო. იგი მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმების ოცეულში შედის.
1986 წლიდან მუზეუმი ფუნქციონირებს როგორც თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზი. ოფიციალურად კი გაიხსნა 1992 წელს და იგი სამეფო ოჯახმა – ხუან კარლოსმა და სოფიამ გახსნეს. ეს გახლავთ ძველი ჰოსპიტლის შენობა.
რატომ უნდა შეხვიდე რეინა-სოფიაში, მით უმეტეს თუ პრადო იქვეა? – ჯერ ერთი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ აქ მთავარ როლს თამაშობს პაბლო პიკასოს ”გერნიკა”. მარტო ამ შედევრის გამო ღირს შესვლა და არა აქვს მნიშვნელობა რამდენად მოყვარული ხარ პიკასოსი, ”გერნიკა” ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იმსახურებს ყურადღებას და აღფრთოვანებას. მუზეუმში გამოფენილია ესკიზები და ეტიუდებიც, რომლითაც ამ შედევრის შექმნის თანმიმდევრობას მიყვებით.
პიკასომ სურათი 1937 წელს დახატა პარიზში გასამართი გამოფენისთვის. შემდეგ ”გერნიკა” მთელ რიგ ქვეყნებში იყო გამოფენილი (ძირითადად აშშ-ში). თავად პიკასოს სურდა მისი ნამუშევარი პრადოში ეხილა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ესპანეთში რესპუბლიკა აღდგებოდა. სურათი პრადოში 1981 წელს გამოფინეს, 1992 წელს კი რეინა-სოფიაში გადაიტანეს. სურათი ასახავს 1937 წლის 27 აპრილს გერნიკის დაბომბვის მსხვერპლთა ტანჯვას.
სხვა მხატვრებთან ერთად მუზეუმში გამოფენილია ესპანური ავანგარდის წარმომადგენელთა ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჟოან მირო, ხუან გრისი, პიკასო, სალვადორ დალი, ასევე ცნობილი თანამედროვე მხატვრები. აქ ნახავთ დალის გამორჩეულ ნამუშევრებს, პიკასო კი ათეულობით ნახატით არის წარმოდგენილი.
მუზეუმი წარმოდგენას შეგიქმნით მეოცე საუკუნის ხელოვნების განვითარებაზე. წარმოდგენილია 20-30-იანი წლების ავანგარდისტები, პარიზული სკოლა, სიურეალისტები, აბსტრაქტული ინფორმალისტები და ა.შ.
დამთვალიერებელს თანამედროვე ხელოვნებაში მოგზაურობას სამი მიმართულებით სთავაზობენ: ”მეოცე საუკუნეში შემოჭრა: უტოპიები და კონფლიქტები (1900-1945)”; ”ომი დამთავრდა? ხელოვნება გაყოფილ სამყაროში (1945-1968)”; ”აჯანყებიდან პოსდმოდერნიზმისადმი” (1962-1982).
ბარემ ვთქვათ, რომ მუზეუმს ეკუთვნის კიდევ ორი შენობა – ველასკესის სასახლე და მინის სასახლე, რომლებიც რეტიროს პარკში მდებარეობს (ამაზე რეტიროს ბაღზე საუბრისას სხვა წერილში ვისაუბრეთ). აქ დროებითი ექსპოზიციები იმართება.
რეინა-სოფიაში ფოტოგადაღება აკრძალულია.
შესასვლელი ბილეთის ფასი ზრდასრული ადამიანისთვის 12 ევროა. ბილეთი ძალაშია მთელი დღის განმავლობაში, ანუ შეგიძლიათ გარეთაც გახვიდეთ და უკან დაბრუნდეთ.
მუზეუმი აღჭურვილია ყველა სათანადო სერვისით: აუდიოგიდი, სამედიცინო პუნქტი, გასახდელი, მაღაზია, კაფე/რესტორანი, ბიბლიოთეკა, ბავშვის ეტლი და გამოსაცვლელი ოთახი, შშმ პირის ეტლი, ნივთების შესანახი, მოსაცდელი ოთახი… მუზეუმს აქვს გამწვანებული შიდა ეზო…
თუ რეინა-სოფიას ესტუმრებით აუცილებლად ადით ბოლო სართულზე, სადაც შეგიძლიათ სკამზე ჩამოჯდეთ, უბრალოდ დაისვენოთ და ისიამოვნოთ ხედით და კიდევ ერთხელ გაისიგრძეგანოთ, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში იმყოფებით და თქვენს წინაშე წარუშლელი შთაბეჭდილებები იშლება.