LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფო ბათილაშვილის კონცერტი არ იქნება დივას კონცერტი, რომელიც სცენაზე შლეიფიანი კაბით გამოვა…“

10162
sofo-batilashvili-perifrazi

„ბრავო რეკორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოსცა, მისი სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს  მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.

შეგახსნებთ, რომ 28 ივნისს, კომპანია „ბრავო რეკორდსი“ და „რუსთავი 2“ სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.

პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას მიიღებენ: ბენდი „ნიუტონი“ – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოეში, მსურველებს ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, პარალელურად გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: BILETEBI.GE-ზე და სპორტის სასახლის სალაროებში.

დღეს, „ბრავო რეკორდსში“ მედიისთვის ალბომის პრეზენტაცია მოეწყო. მსურველებს სოფო ბათილაშვილმა ალბომებზე საკუთარი ხელის მოწერაც დაუტოვა.

მანამდე კი გაიმართა პრესკონფერენცია ზაზა შენგელიას,  მარინა ბერიძისა და სოფო ბათილაშვილის მონაწილეობით, სადაც ახალ ალბომსა და კონცერტზე ისაუბრეს.

ზაზა შენგელია:

ახალ ალბომში შესულია ყველა ის სიმღერა, რომლის გამოც მაყურებელმა სოფო შეიყვარა. კონცერტზე, რომელიც 28-ში გაიმართება, ამ ცხრა სიმღერის გარდა, შესრულდება სხვა კომპოზიციებიც, მათ შორის დუეტები ზვიად ბოლქვაძესთან ერთად.

ალბომი, ტრადიციულად, დაბეჭდილია კიევში, მის ჩაწერაზე მუშაობდა შესანიშნავი მუსიკოსი ალეკო ბერძენიშვილი. მთელი სულითა და გულით ვიმუშავეთ და გამოგვივიდა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.

კონცერტის სამზადისი ინტერნსიურად მიმდინარეობს. იქნება ძალიან მაგარი კონცერტი. შოუბიზნესის საუკეთესო ძალებია ჩართული, რეჟისორი იქნება ზალიკო ჩიქობავა.

მარინა ბერიძე:

ძალიან კარგი დღეა, გავედით ფინალში. სულ ვამბობ, რომ ტრადიცია გრძელდება, კონკურსების გამარჯვებულებს ყოველთვის პატრონობს ზაზა შენგელია. „მხოლოდ ქართულმა“ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ქართულ რეალობაში, ახალგაზრდები არიან „შემჯდარი“ ქართულ სიმღერაზე, ამიტომაც ლოგიკური იყო ასეთი გაგრძელება, პროფესიონალების გუნდს უნდა ემუშავა სოფოსთან და მასთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო ზვიად ბოლქვაძე.

ძალიან საინტერესო ალბომია. ესაა ის ალბომი, რომელიც სულ შეიძლება გქონდეს და ცუდ ხასიათზე რომ ხარ, ჩართო, შეგიქმნას განწყობა.

ასეთივე განსხვავებული ენერგიის კონცერტი იქნება 28-ში. მუსიკოსების კონცერტია. ეს არ არის დივას სოლოკონცერტი, რომელიც შლეიფიანი კაბით გამოვა და გვერდით მოცეკვავეები ამოუდგებიან. ეს იქნება ისეთი კონცერტი, როგორია კეადრება „ბრავო რეკორდსს“ და „რუსთავი 2“-ს. „რუსთავი 2“ გადაიღებს კონცერტის, რომელის ტელერეჟისორი იქნება ნიკა ლომიძე და მაყურებელი სიურპრიზად იხილავს ამ კონცერტს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სოფო ბათილაშვილს, რომელმაც თავი გადადო, მაგრამ უნდა მოეკლა თავი, რადგან ამ ასაკში ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. პირველ რიგში, დღეს სოფოს ვულოცავ ამ დღეს, მადლობა, რომ ასეთი ხარ. დარჩი ასეთად!.

სოფო ბათილაშვილი:

ალბომზე მუშაობისას კამათი არ გვქონია. როცა მუსიკა იწყება, ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. რამდენჯერაც უნდა დაგვეკრა, სულ სხვანაირად გამოდიოდა და ვერ ვიგებდით, რომელი დაგვეტოვებინა. სულ უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ეს იყო ჩემი პირველი შესვლა სტუდიაში. ჩემი კომპლექსები ამოტივტივდა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g