„მე არავის ადგილი არ დამიკავებია, მან თქვა, რომ მე ვარ მისი ნდობით აღჭურვილი პირი,“ – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს წევრმა სოფო ჯაფარიძემ შეკითხვას, თუ რატომ შეაჩერა პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მასზე არჩევანი, როდესაც გაავრცელა განცხადება, რომ სოფო ჯაფარიძე საზოგადოებასთან ურთიერთობების ნაწილში მისი წარმომადგენელი იქნება.
„მე არავის ფუნქცია, არავის ადგილი არ დამიკავებია. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ ვინმეთი უკმაყოფილოა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მე მენდოს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე უშუალოდ შეხვედრა არ მქონია, ჩემი ადვოკატი, ასევე ნდობით აღჭურვილი პირი შედის“, – თქვა სოფო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის, სოფო ჯაფარიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიას 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა. მანამდე მართავდა ფეისბუკ-პლატფორმას, სახელწოდებით „მედგიდი“, რომელიც პანდემიის დროს პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის პროცესში იყო ჩართული.
