LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო წლებში სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მუდმივად იზრდება” – სომხეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობებით იქნება შესაძლებელი

162
პირადობა

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით, პასპორტების წარდგენის გარეშე შეძლებენ. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადება სომხეთსა და საქართველოს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

„საქართველოსთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პერიოდულად იმართება მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, იდგმება ნაბიჯები საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სომხეთის მოქალაქეებისთვის.

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეძლებენ - დოკუმენტი ხელმოწერილია

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

„ბოლო წლებში სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 1 მილიონ 365 ათასი ვიზიტორი შეადგინა. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა“, – განაცხადა მან.

საქართველოსა და სომხეთს შორის 1993 წლიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს. მირზოიანის თქმით, “2020 წლის 3 მარტს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მოქალაქეთა გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ.”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, მისი სიტყვებით შესაძლო გარკვეულ რისკებზე ქართველ პარტნიორებთან ეფექტური მუშაობა გაგრძელდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შესვლა შეუძლიათ თურქეთსა და უკრაინაში.

წყარო: რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები