ახალ სპორტის სასახლეში გამართულ “ევრობასკეტ 2022”-ის პირველ მატჩს, რა დროსაც ეროვნული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საფეხბურთო ნაკრების მაისურით დაესწრო.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
კრიტიკას კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული რაც ჰქონდა, ის ჩაიცვა.
მან ასევე განაცხადა, რომ სასაცილოა, როცა მისი ჩაცმულობა პოლიტიკური სიმულაციების საგანი გახდა.
“პირველ რიგში, აქედან ჩანს, რომ სპორტიც არ ესმით ამ ადამიანებს და არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებებისთვის თვალი. ჩვეულებრივი მოვლენაა. ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები კალათბურთზე.
წყალბურთზეც იგივე ხდება, ჰოკეიზეც…ხშირად ხდება, რომ სხვა სპორტის სახეობის მაისურით მიდიხარ.
თვითონ სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები, ეს ერთი.
მეორე, რატომ მეცვა-რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული იყო სწორედ ეს მაისური ხვიჩა კვარაცხელიას ნომრით დამშვენებული, ავიღე და ჩავიცვი.
ეს რომ ხდება პოლიტიკური სიმულაციების საგანი, სადამდე არიან დასული აქედან ჩანს,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.