LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული ჰარმონია, მწვანე გარემო და ულამაზესი ხედები თბილისზე – „ლისი მერე“ ახალ სივრცეს იმატებს – როგორ განავითარეს ბიზნესი ახალგაზრდა ძმებმა

2931
2E282CD0-9FF0-49E0-A5C0-CBF291889BC6

გასაოცარი მწვანე გარემო, პანორამული ხედები დედაქალაქზე, ვინტაჟური და ამავე დროს ქართული ტრადიციული ინტერიერი ულამაზესი დეკორაციებით – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სივრცის აღსაწერად, რასაც თბილისიდან 15 წუთის სავალზე, სადღესასწაულო სივრცეში – „ლისი მერეში“ შეხვდებით.

უკვე 4 წელია რაც „ლისი მერე“ არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სივრცემ უკვე არაერთი სტუმრის თუ წყვილის გული მოიგო.

მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ სივრცეში 400-მდე დახურული ტიპის ღონისძიება გაიმართა – ძირითად შემთხვევაში ქორწილები და კორპორაციული საღამოები.

„ლისი მერეს“ დამფუძნებლები ახალგაზრდა ძმები – გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები არიან და როგორც თავად ისინი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ჰყვებიან, სადღესასწაულო სივრცე მთლიანად მათი იდეებითა და მონდომებითაა შექმნილი.

ძმები არც პანდემიას შეუშინდნენ და მძიმე კრიზისის დროს კვლავ ბიზნესის განვითარების იდეას გაჰყვნენ.

შედეგად კი, „ლისი მერეს“ მახლობლად ახალი რესტორანი – „რიგის პური“ ააშენეს, რომელიც თავისი შინაარსით არსებული სივრცისგან სრულიად განსხვავებულია.

გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები საკუთარ ძლიერ მხარედ შრომის სიყვარულსა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „მთავარია მონდომება, ცოტა მოთმინება და შედეგიც არ აყოვნებს.“

„ფორტუნა“ ძმებ ნამიჭეიშვილებს „ლისი მერეში“ ესტუმრა და ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების შესახებ ესაუბრა.

– 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს საოცარი სივრცე არსებობს, გვითხარით რა მოგიტანათ ამ 4-მა წელმა და საერთოდ, როგორ გაჩნდა „ლისი მერეს“ შექმნის იდეა, რა იყო თქვენი ძირითადი შთაგონების წყარო?

გორდა ნამიჭეიშვილი: მოდით ასე ვიტყვი – ყველაზე მთავარი, რაც ცხოვრებაში ყოფილა, არის დიდი სურვილი, რასაც თან აუცილებლად მონდომება უნდა ახლდეს.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ამ სფეროში საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მე პროფესიით ფინანსისტი ვარ, ბიზნესის ადმინისტრატორი, ხოლო ჩემი ძმა თაზო მშენებელია.

ორივეს სურვილი იყო, რომ შეგვექმნა სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ბევრ სტუმართან და ასევე, ბევრ ემოციასთან, სიხარულთან, ბედნიერებასთან.

გვინდოდა ძალიან მყუდრო და მეგობრული გარემო, სადაც სტუმარი ამ ყველაფერთან ერთად, უმაღლესი ხარისხის სერვისს მიიღებდა, რაც ასევე თავის თავში, თანამედროვე ტენდენციებთან შერწყმულ გარემოს მოიცავს – იქნება ეს ექსტერიერი თუ ინტერიერი.

სადღესასწაულო დარბაზი „ლისი მერე“

 

ჩვენთან ძირითადად კორპორაციული საღამოები ან ქორწილები იმართება და ასე ვცდილობთ ადამიანების ბედნიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

აქვე ვიტყვი, რომ თავიდან „ივენთ“ კომპანია „ჯეო ვორლდი“ დაგვეხმარა, დები გვარამაძეები, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ.

თაზო ნამიჭეიშვილი: სანამ „ლისი მერეს“ შექმნის იდეა დაიბადებოდა, მანამდე იყო ჩვენი, მეგობრების შეკრებები, რომელიც ძირითადად, ჩვენივე სახლებში იმართებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, ჩვენებური, მეგობრული სივრცე შეგვექმნა და მინდა გითხრათ, რომ ამან გაამართლა.

თაზო ნამიჭეიშვილი

 

აქ ნამდვილად არის მეგობრული და შინაურული გარემო – ჯერ გახსნილი არ გვქონდა, რომ 40 მიღება უკვე დაჯავშნილი იყო. თავიდან ცოტა შეგვეშინდა კიდევაც, როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ ყველაფერს გამოუცდელი ადამიანები, მაგრამ მართლაც – თურმე მონდომება ყველაზე მნიშვნელოვანია.

– რაც შეეხება თქვენი გუნდის წევრებს, საუბრისას ყურადღება თქვენს მონდომებაზე და მოტივაციაზე გაამახვილეთ, გვითხარით დღეს ვინ გეხმარებათ ბიზნესის განვითარებაში?

თაზო: მართლაც, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გუნდზე, რომელიც ძალიან მაგარი ადამიანებისგან შედგება და გახსნის დღიდან მოყოლებული ჩვენს გვერდით არიან.

სწორედ იმან, რომ ჩვენს გუნდში მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები, მოგვცა ის შედეგი, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში 370 დახურული ღონისძიება ჩავატარეთ.

45 ადამიანი გვყავს დასაქმებული, მათ შორს მხოლოდ ქართველები არ არიან, დღეს ისინი ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და რომ არა მათი დაუღალავი შრომა, ერთობლივი ძალისხმევა, აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდით.

გორდა: ჩვენი გუნდი ჩვენი უპირატესობაა და ასევე ოჯახი, სამეგობრო, რომელიც ამ ბიზნესში ერთად ვართ ჩართულები. ყველას ვუსმენთ, ვითვალისწინებთ მათ რჩევებს და ვცდილობთ მუდმივად განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულები.

ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ აქ დასაქმებული 45 ადამიანიდან, თითოეული ცდილობს საღამოები დაუვიწყარი გამოვიდეს და შესაბამისად, ყველა ღონისძიებას როგორც პროექტს ისე ვუდგებით.

აქედან გამომდინარე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ღონისძიება ერთმანეთისგან, თავისი კონცეფციით აბსოლუტურად განსხვავდება.

გორდა ნამიჭეიშვილი

 

ყოველ ახალ ღონისძიებაზე ისე ვღელავთ, თითქოს პირველად ვატარებთ, ვცდილობთ სტუმრებში გავერიოთ და ჩუმად ვათვალიერებთ მათ პირველ ემოციას, ვცდილობთ მოვისმინოთ ყველას აზრი – რა მოსწონთ და პირიქით.

თაზო: მართლა ისეა, რომ ეს ბიზნესი ოჯახურია და ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება და უფლება საქმე თავად აკეთოს. აქ ჩვენც ზუსტად ისე ვმუშაობთ, როგორც დანარჩენები და მათ შორის, ფიზიკურადაც.

მეც და ჩემი ძმაც 16 წლიდან ვმუშაობთ და ეს გუნდურობა თავიდანვე ჩვენი ძლიერი მხარე იყო. ყველაზე მეტად რასაც ხაზს გავუსვამდი ისაა, რომ არც ერთს არ გვიყვარს ფრაზა: „ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია,“ ყველაფერი შესაძლებელია თუ სურვილს და მონდომებას გააერთიანებ,  ჩვენი გუნდის წევრების დევიზიც ესაა.

წელს უკვე 170 საღამოზე გვაქვს ჯავშანი მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უკვე ჩატარებული ღონისძიება ძალიან ოჯახური და თავისუფალი იყო, ბევრ სტუმართან ახლაც ვმეგობრობთ.

– ადგილმდებარეობა და ეკოლოგია დღევანდელ სტრესულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიყევით როგორ შეარჩიეთ ადგილი „ლისი მერეს“ შესაქმნელად და რა იყო თქვენთვის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც სადღესასწაულო სივრცის შექმნა სწორედ აქ გადაწყვიტეთ?

თაზო: ლისის წრიდან მოყოლებული დავდიოდით და ვეძებდით შესაფერის ადგილს, როცა ამ ადგილას მოვედით საერთოდ არაფერი იყო, ტერიტორია განაშენიანებულიც კი არ იყო.

საგულისხმოა, რომ სოფელი ლისი საუკუნეებს ითვლის და ჩვენც ზუსტად ასეთი, ასე ვთქვათ, ოჯახური და „სახლური“ გარემო გვინდოდა, სადაც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, სიმწვანე, სიმშვიდე და ულამაზესი ხედები თბილისზე.

ასე გადაწყდა შუაგულ მინდორში მშენებლობა. მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმოდა, რომ თბილისში, მით უმეტეს, ასეთ მოშიშვლებულ ადგილას, ასეთი სივრცე არ გაამართლებდა და ა.შ. თუმცა, ზუსტად 9 თვეში „ლისი მერე“ უკვე გავხსენით.

გარდა ამისა, უშუალოდ მშენებლობის პროცესშიც ჩვენვე ვიყავით ჩართულები, ვაგროვებდით სხვადასხვა სამშენებლო მასალებს, მოგვქონდა რეგიონებიდან, ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ. მაგალითად, დედაჩემი ინტერიერისთვის აგროვებდა შესაბამის ნივთებს და ასე მოვედით აქამდე.

– აუცილებლად მინდა გკითხოთ კრიზისზე, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით მტკივნეულად ბიზნეს სექტორს შეეხო, როგორ შეძელით ამ სირთულეებთან გამკლავება?

ამასთანავე, ვიცი, რომ „ლისი მერესთან“ ახლოს ახალი სივრცე, რესტორნის ტიპის დაწესებულება გახსენით, მოგვიყევით რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს ახალ სივრცეში.

გორდა: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ და მოვიპოვეთ სტუმრების ნდობა, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს მომხმარებლებს.

ზუსტად ამიტომ მოგვეცა დამატებითი მოტივაცია, რომ აქვე, კიდევ ერთი, ახალი სივრცე შეგვექმნა, რომელიც თავისი შინაარსით „ლისი მერესგან“ სრულიად განსხვავდება თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჩვენი ინსპირაცია კვლავაც მეგობრულ გარემო იყო.

ეს იქნება რიგით მესამე სივრცე, რომელიც უკვე დავასრულეთ. პანდემიის დროს სრულიად გაჩერებულები ვიყავით, სახელმწიფო დაგვეხმარა და მოვხვდით სუბსიდირების პროგრამაში, რამაც მთელი წლის განმავლობაში მართლაც მოგვცა შეღავათი.

გარდა ამისა, საკუთარ თავზე მუშაობამ და პროფესიონალების რჩევებმა ცხადია წინ წაგვწია.

ამას დაემატა ის, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს სწავლა, შრომა, არ აქვს მნიშვნელობა გამოგვდის თუ არა, მოტივაციას არასდროს ვკარგავთ.

აუცილებელია, რომ სირთულეს არ შეუშინდე და საქმეს გამარტივებულად შეხედო, სირთულეზე საერთოდ არ უნდა იფიქრო. ზუსტად ამის გამო გადავწყვიტეთ ახალი რესტორნის დამატება.

ეს იქნება ყოველდღიური რესტორანი და სამეგობროს თავშეყრის ადგილი. სახელიც სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ და დავარქვით – „რიგის პური“, რაც ისტორიის თანახმად, სამეგობროს თავშეყრას, ლხინს ნიშნავს.

რესტორანი „რიგის პური“

 

იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო, სიმყუდროვე და მეგობრული სივრცე. ჩვენს სტუმრებს კი უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ვპირდებით. ყოველი საღამო კი დასამახსოვრებელი და ჰარმონიული იქნება.

სამეგობროს თავშეყრის ადგილები რატომღაც ევროპულ კერძებთან ასოცირდება, ჩვენი სურვილი კი საპირისპიროა: გვინდა უგემრიელესი ქართული კერძებით სტუმრებს განსაკუთრებული გარემო შევუქმნათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კერძები იქმნება აბსოლუტურად ახალი, ჯანსაღი ქართული პროდუქტებისგან.

ადგილიც ისეთია: თბილისის შემოგარენში, სიმწვანეში, სოფლის აურა და არაჩვეულებრივი, მხიარული მუსიკა. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაფერი, რაც ინტერიერსა და ექსტერიერში გვაქვს გამოყენებული, ეკოლოგიურად სუფთაა.

მაგალითად, გარე ფასადი მთლიანად ხითაა ნაკეთები. გვაქვს გამოყენებული ქართული აგური და ა.შ.

– რამდენ სტუმარს იტევს თქვენი სივრცე და აგრეთვე მნიშვნელოვანია, რამდენად მისაღები იქნება ფასები სტუმრებისთვის?

თაზო: „ლისი მერეში,“ პირველ სართულზე, დარბაზი 60 სტუმარს იტევს, მეორეზე დახურული აუზი იქნება, რომელსაც ახლა ვაკეთებთ და ბოლო, მესამე სართულზე 6 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.

რაც შეეხება „რიგის პურს“ და ფასებს, ვფიქრობთ, საკმაოდ მისაღები ფასები გვექნება. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი სურვილია ეს სივრცე ყველასთვის, ვისთვისაც მეგობრობა, თავისუფლება და დადებითი ემოციები მნიშვნელოვანია, ჩვენი ხშირი სტუმარი გახდეს და ამ მიზნისთვის ბევრს ვმუშაობთ.

ასევე გვინდა, რომ „რიგის პურში“ ადგილობრივები დავასაქმოთ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენ ზემოთ სოფლებია და ვცდილობთ, ამ ადამიანებთან კომუნიკაცია დავამყაროთ, სერვის მენეჯერთან ერთად გადავამზადოთ და შემდეგ დავასაქმოთ.

magti 5g