LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული კატასტროფა”, “ბინძური კომპრომისი” თუ “ხსნა” – რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

716
putini zelenski

როდის და რა შედეგებით დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი? – ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ახლა პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა სვამს და, შესაბამისად, პასუხსაც დიდი ინტერესით ელის.

სხვადასხვაგვარია ანალიტიკოსების შეფასებები და მოლოდინები.

ექსპერტები საუბრობენ ალტერნატიულ სცენარებზე – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს 21 საუკუნის ყველაზე მასშტაბური საომარი მდგომარეობა.

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი – ამის შესახებ სხვადასხვა სცენარს განიხილავს ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი, სამგზის პულიცერის პრემიის ლაურეატი, The New York Times-ის საერთაშორისო მიმომხილველი ტომას ლორენ ფრიდმანი.

სტატიაში, რომელსაც გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” აქვეყნებს, ფრიდმანი წერს, რომ ის ხედავს სამ სცენარს, თუ როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს.

 

 

 

“სრული კატასტროფა” – უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულის პირველი სცენარი

 

როგორც სტატიის ავტორი წერს, უკრაინისთვის ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლოა აღმოჩნდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ტრანსფორმაციული მოვლენა ევროპისთვის და კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე საშინელი დაპირისპირება მსოფლიოსთვის.

თომას ფრიდმანი შესაძლო სამ სცენარს ასე მოიხსენიებს: “სრული კატასტროფა”, “ბინძური კომპრომისი” და “ხსნა”.

მიმომხილველი აღნიშნავს, რომ კატასტროფის სცენარს ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს:

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი აზრს არ შეიცვლის, ან მას დასავლეთი ვერ შეაჩერებს, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი მზად არის, იმდენი ადამიანი მოკლას, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, გაანადგუროს უკრაინის ინფრასტრუქტურა იმ დონემდე, რამდენიც საჭიროა, რათა გააქროს უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, წაშალოს მისი კულტურა და გააქროს ქვეყნის ხელისუფლება.

აღნიშნულ სცენარს შესაძლოა ომის ისეთი მასშტაბების დანაშაულები მოჰყვეს, რომელიც ევროპაში ნაცისტების შემდეგ აღარ ყოფილა, ეს ჩადენილი დანაშაულები კი პუტინს, მის გარემოცვასა და ზოგადად რუსეთს, როგორც ქვეყანას, გლობალურად, მსოფლიოსგან იზოლირებულსა და უარყოფილს გახდის.

გლობალურ სამყაროს არასდროს ჰქონია საქმე ისეთ ლიდერთან, რომელიც ამ დონის სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული, რომლის ქვეყანასაც აქვს იმხელა ტერიტორია, რომელზეც 11 დროის სარტყელია, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის უდიდესი მიმწოდებელი და ფლობს უდიდეს ბირთვულ არსენალს”, – აღნიშნულია სტატიაში.

მიმომხილველის თქმით, ყოველდღიურად, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს შეჩერებაზე, მსოფლიო სულ უფრო უახლოვდება “ჯოჯოხეთის” კარიბჭეს:

“ყოველდღე, როცა პუტინი უარს ამბობს გაჩერებაზე, ჯოჯოხეთის კარიბჭეს უფრო და უფრო ვუახლოვდებით.

მსოფლიოსთვის უფრო და უფრო რთული იქნება თვალი აარიდოს სოციალურ მედიაში ყოველდღიურად გავრცელებულ კადრებს, რომლებიც პუტინის სისასტიკეს აჩვენებს, მაგრამ ჩარევა ქმნის ომის გაჩაღების რისკს ევროპის შუაგულში, სადაც ბირთვული იარაღია. პუტინს შეეძლება, ათასობით დაღუპულ ადამიანთან ერთად, კიევი ნანგრევებად აქციოს და დაიპყროს, ისევე როგორც ალეპოსა და გროზნოში, და ეს ვითარება მას საშუალებას მისცემს ევროპული ავღანეთი შექმნას – ბევრი ლტოლვილით და ქაოსით”, – წერია სტატიაში.

 

 

 

 

“ნიუ-იორკ თაიმსის” მიმომხილველი აღნიშნავს, რომ პუტინი ვერ შეძლებს, უკრაინაში მხოლოდ მარიონეტული ლიდერი დანიშნოს და ასე უბრალოდ დატოვოს ის, რადგან მუდმივად იქნება აჯანყების საფრთხე, ამიტომ, უკრაინის გასაკონტროლებლად, რუსეთს მუდმივად სჭირდება ტერიტორიაზე ათი ათასობით ჯარისკაცის განთავსება:

“ვისურვებდი, პუტინს მხოლოდ ის სურვილი ამოძრავებდეს, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდეს, მაგრამ მისი მადა ბევრად გაიზარდა:

პუტინი მაგიური აზროვნების ტყვეობაში მოექცა – როგორც POLITICO-სთან ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა, ფიონა ჰილმაც განაცხადა, პუტინს სჯერა, რომ არსებობს რაღაც ერთიანი “რუსული სამყარო”; რომ რუსები და უკრაინელები “ერთი ხალხია”; რომ პუტინის მისიაა, სხვადასხვა ადგილიდან ერთად შეკრიბოს რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც რაღაც მომენტში რუსეთის სამეფოს ეკუთვნოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ეცდებიან ხელი შეუშალონ პუტინს, ან შეეცდებიან დაამცირონ, სანქციები და შეზღუდვები დაუწესონ, ის დაშინებაზე გადავა. ისევე, როგორც ეს გააკეთა, როდესაც პუტინმა თავისი ბირთვული ძალების მაღალ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ განაცხადა და გააფრთხილა, რომ ყველა მზად უნდა იყოს შედეგებისთვის, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ.

ზემოთ აღნიშნულს დაუმატეთ სხვადასხვა მოხსენება, რომელიც პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობას ეჭვის ქვეშ აყენებს და თქვენ შემზარავ კოქტეილს მიიღებთ”, – აცხადებს სტატიის ავტორი.

 

 

როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი – “კომპრომისების სცენარი”

 

სტატიის ავტორი ომის დასრულების მეორე სცენარში საუბრობს კომპრომისებზე, რომელზე წასვლაც შეიძლება ორივე მხარეს მოუწიოს. ერთი მხრივ, რუსეთს – მის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების სანაცვლოდ, რომელიც მის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს და მეორე მხრივ, უკრაინას – ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ.

თუმცა პოლიტიკის მიმომხილველი ფიქრობს, რომ მხარეების მხრიდან კომპრომისებზე წასვლის სცენარი ნაკლებად სავარაუდოა:

“მეორე სცენარის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები და მოქალაქეები როგორღაც ახერხებენ, რომ რუსეთის “ბლიცკრიგს”, მოწინააღმდეგეების სწრაფ, უეცარ თავდასხმებს საკმაოდ დიდხანს გაუძლოს, ამასობაში დასავლეთისგან დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას ძალიან აზიანებს და ორივე მხარე იძულებული ხდება, “ბინძურ კომპრომისს” დასთანხმდეს.

ამ კომპრომისის უხეში მონახაზი ასეთ იქნება – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისა და რუსული ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ახლა დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ქვეშაა (დონეცკი, ლუგანსკი), ოფიციალურად რუსეთის მფლობელობაში გადავა, თავის მხრივ კი, უკრაინა პირობას დადებს, რომ არასდროს გახდება ნატოს წევრი.

ამასთან, ამ სცენარის მიხედვით, აშშ და მისი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზეც შეთანხმდებიან.

აღნიშნული სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვლადიმირ პუტინს იმის აღიარება მოუწევს, რომ მან ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს – უკრაინელი ერის “რუსულ სახელმწიფოში” გაერთიანების, შერევის თაობაზე, მით უფრო ეკონომიკური და ადამიანური (რუსი სამხედროები, ტექნიკა) თვალსაზრისით, უზარმაზარი ფასის გაღების შემდეგ”, – წერს ტომას ფრიდმანი.

 

 

 

ომის დასრულების მესამე სცენარი – “ხსნა” – ის, რასაც მთელი მსოფლიო ელოდება

 

მოვლენების განვითარების შესაძლო, მესამე ვარიანტზე საუბრის დროს სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია, თუმცა სწორედ ეს არის ვერსია, რომლის რეალობად ქცევაც ყველას სურს.

როგორც ფრიდმანი აღნიშნავს, ეს რუსეთის მოსახლეობის ერთგვარი გამოღვიძება უნდა იყოს, მათ უნდა გამოავლინონ ისეთივე მამაცობა და ერთგულება თავისუფლებისთვის, როგორც ამას უკრაინელები აკეთებენ და რუსეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ:

“რუსეთის რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ სანამ მათი დღევანდელი და მომავალი ლიდერი ვლადიმირ პუტინია, მათ მომავალი არ აქვთ.

ამ არანორმალური ომის გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოდის და ამას საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად აკეთებს. ამის მიუხედავად, ამის თქმა ძალიან ადრეა. მოქალაქეების უკან დახევა გაფიქრებინებს – დაინგრევა თუ არა “შიშის ბარიერი” და შესაძლებელი იქნება თუ არა, მასობრივმა საპროტესტო მოძრაობამ საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა.

იმ რუსებისთვისაც კი, რომლებიც ჩუმად არიან, ჩვეული ცხოვრების რიტმი მოულოდნელად ირღვევა”, – ამბობს ფრიდმანი და მაგალითად მოჰყავს პროტესტის ნიშნად მსოფლიოს მასშტაბით დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალზე რუსი მაესტროს მონაწილეობით გაუქმებული კონცერტები, სხვადასხვა ქვეყნის ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატზე ცურვაში და სხვა.

“კულტურიდან კომერციამდე, სპორტიდან მოგზაურობამდე – იმისათვის, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტოს, მსოფლიო რუსეთს სხვადასხვა გზით ერიდება”, – წერს სტატიის ავტორი.

მიმომხილველი რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს მიერ დაწესებულ მასშტაბურ სანქციებს “პუტინის გადასახადს” უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს მისი განუსაზღვრელი ვადით გადახდა, კვლავ პუტინის პრეზიდენტად ყოფნის საპირწონედ.

 

 

“თითოეული ამ მიზეზის გამო, იმედი მაქვს, რომ ამ დროს არიან პუტინთან დაახლოებული რუსული დაზვერვისა და სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც კრემლში იკრიბებიან და ღიად, ხმამაღლა ამბობენ იმას, რასაც ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ:

ან პუტინმა პანდემიაში იზოლაციის გამო, სწორი, გათვლილი ნაბიჯების გადადგმის უნარი დაკარგა;

ან ის კვლავ უარყოფს, თუ რამდენად ცუდად გათვალა უკრაინელების, აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და, ზოგადად, გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ძალა”, – წერს ჟურნალისტი. 

როგორც მასალაშია აღნიშნული, თუ პუტინი არ შეჩერდება და კვლავ გააგრძელებს უკრაინის დედაქალაქისა და უდიდესი ქალაქების მიწასთან გასწორებას, ვეღარც პუტინი და ვეღარც მისი ახლობლები ვეღარასდროს იხილავენ საკუთარ სახლებს ლონდონსა და ნიუ-იორკში; ვეღარ ნახავენ დავოსსა და სან-მორიცს; მათი შვილები კი დატოვებენ კერძო სასწავლებლებს შვეიცარიიდან ოქსფორდის ჩათვლით.

“სამაგიეროდ, ყველა ჩაკეტილი იქნება დიდ ციხეში, რომლის სახელიც რუსეთია და მხოლოდ სირიაში, ყირიმში, ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში მოგზაურობის საშუალება ექნებათ.

ისინი ან ითანამშრომლებენ პუტინის დასამხობად, ან ყველა მასთან ერთად იქნება სამარტოო საკანში იზოლირებული. ეს ეხება რუსეთის ფართო საზოგადოებასაც.

მესმის, რომ უკანასკნელი სცენარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად გვპირდება იმ ოცნების ასრულებას, რომელზეც 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის დროს ვოცნებობდით – თავისუფალი და მთლიანი ევროპა – ბრიტანეთის კუნძულებიდან ურალამდე”, – წერს  “ნიუ-იორკ თაიმსის” მიმომხილველი.

 

magti 5g