LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუამის წევრი ქვეყნები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან

280

სუამის წევრი ქვეყნები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავენ, – საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მზადდება. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ამ მიმართულებით წლის ბოლომდე გარკვეული პროგრესია მოსალოდნელი.

ქართველი დიპლომატი არ აკონკრეტებს სად განთავსდება სავაჭრო ზონა, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პატივია სუამ-ის მინისტერიალის მასპინძლობა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავს ეძღვნება.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა წევრი ქვეყნების მზაობას, გადაიდგას აქტიური ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს და საბჭოზე განხილულ სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური კონსოლიდაციის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს მნიშვნელობას, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა სუამ-ის ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

შეგახსენებთ, სუამი — სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1997 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები