შარიტეს კლინიკის პულმონოლოგი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში „ფაიზერის“ ბოლო კვლევას ეხმაურება, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და წერს, რომ ამ ვაქცინით აცრებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი კარგ შედეგს იძლევა.
გთავაზობთ მის პოსტს:
„გახანგრძლივებული ინტერვალი „ფაიზერის“ ორ დოზას შორის
✅ უამრავი კითხვა მოდის ამ საკითხთან და ქვემოთ მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო.
‼ კვლევა ჩატარდა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში
‼ კვლევაში მონაწილეობდა 503 პირი/ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი
‼ საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამომუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია) ვიდრე 3-4კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში.
‼ გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე. განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე. T-უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.
‼ მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოკლე, 3-4კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
‼ ორი დოზის შემდეგ T-უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებეში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4-უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა.
‼ გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა-შტამის, ასევე ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ.
‼ კომენტარი: ჩემი აზრით კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:
1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო
2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდ-ი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.
‼ სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც“.