LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი სოციალურად დაუცველ საპენსიო ასაკის პირებს მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

140
კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ წელსაც გრძელდება დედაქალაქის მერიის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და სოციალურად დაუცველ, საპენსიო ასაკის პირებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.

„თბილისის მერიის პროგრამით, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, გასულ წელს, 500 ლარიანი ვაუჩერები გავაკეთეთ. წელსაც გრძელდება ეს პროგრამა. 2022 წელს 21 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ მიზნით, ყოველწლიურად 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა. რასაკვირველია, პროგრამა გრძელდება. მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 ათასს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენტის მიღებას სასურველ აფთიაქში. წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.