LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტრო 1 ოქტომბრამდე ისევ 06:00-დან 23:00-მდე იმუშავებს

252
metro

თბილისის მეტროპოლიტენში დაწყებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ოქტომბრამდე მეტრო 6:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს. ამ საკითხზე დღეს თბილისის მუნიციპელიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

“დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ “მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 15,4 მლნ აშშ დოლარია. პროექტის ზედამხედველი კომპანია ILF-ია (შვეიცარისა და ავსტრიის წარმომადგენლობები). აღნიშნული სამუშაოების დასაჩქარებლად და თურქული კომპანიის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე, მეტროს მუშაობის დრო შემცირებული იყო და ნაცვლად 00:00 საათისა, მოძრაობა 23:00 საათზე სრულდებოდა. სამუშაოების გახანგრძლივების გამო, კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და მეტროს მუშაობის დროდ პირველ ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათი განისაზღვროს”, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოების ფარგლებში, უკვე, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი დამონტაჟდა. ამ ეტაპზე კი ქვესადგურებში კაბელების მიერთების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ხუთ მეტროსადგურში (ახმეტელი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი) უკვე დასრულებულია.

“რაც შეეხება გამნიავებელი სისტემის შეცვლას, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პროექტის განხორციელება შეაფერხა, რადგანაც ქვეყანაში უცხოელი ექსპერტები დროულად ვერ ჩამოვიდნენ და სამუშაოების წარმოებაც შეფერხდა. სამუშაოს მწარმოებელი და ზედამხედველი კომპანიების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის გამო, სამუშაოების დასრულების გახანგრძლივდება და შესაბამისად, პროექტი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება”, – აცხადებს კალაძე.

magti 5g