დედაქალაქის მოზრდილი მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.
ცერცვაძე ამ განცხადებას რანდომული (შემთხვევით შერჩეული) კვლევის საფუძველზე აკეთებს. მისი თქმით, კვლევამ 1000 ადამიანი მოიცვა და რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
რანდომული კვლევა მხოლოდ დედაქალაქში ჩატარდა.
კორონავირუსისგან 2 244 ადამიანი განიკურნა
“თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1% პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და მაშინ მაჩვენებელი 0,9% იყო. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექცია გადატანილი”, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის გარდა, ანალოგიური კვლევა ნიუ-ორკშიც ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 25%–ს აქვს ინფექცია გადატანილი, ჟენევაში კი-14%.
აღნიშნულ კვლევაზე დამატებითი ინფორმაციისთვის „ფორტუნა“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ისინი კვლევასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.
თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო – როგორი მაჩვენებელია რეგიონებში?