LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობა მოსკოვში აღარ გაიმართება – შეფასებები მოსკოვიდან

258
Tbilisoba moskovi2

ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა” მოსკოვში წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემები წერენ. ამჯერად ქართულ კულტურას, ტრადიციულ სამზარეულოს, ხელოვნებას და საქართველოს ისტორიას, მოსკოველები საკუთარ დედაქალაქში ვერ გაეცნობიან. 2019 წლამდე “თბილისობა” მოსკოვში 8-ჯერ გაიმართა. მთავარი ლოკაციის ადგილი “ერმიტაჟის” ტერიტორია იყო. ქართული კერძების მოყვარული რუსებისთვის ტარდებოდა სხვადასხვა კულინარული მასტერ-კლასები, მსურველებს ადგილზევე შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. აქ ტარდებოდა ასევე ქართული სიმღერისა და ცეკვების კონცერტი. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში რამდენიმე ქართველი მომღერალი ჩადიოდა საგანგებოდ შერჩეული რეპერტუარით. სანახაობით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსმენელებიც და მაყურებლებიც. ვინაიდან უვიზო მიმოსვლა (ცალმხრივად) გავაუქმეთ რუსეთთან, ამ დღეს, ჩვენს დედაქალაქს, რუსი ტურისტები აქამდეც არ აკლდა და დიდი ალბათობით წელსაც გვექნება მათი ნახვის საშუალებაც. სამშვიდობოდ შემოსული რუსული ჯარები ვერ განვდევნეთ, თორემ ტურისტებს სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.

მოსკოვში დროებით მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნანა თორდია “ფორტუნას” უყვება, რომ არ მიესალმება ოკუპანტ ქვეყანაში მისი ქვეყნის ტრადიციული დღესასწაული ტარდებოდეს. მისივე განმარტებით, ორმაგად დამამცირებელია, როდესაც იმ ქვეყანაში ხარ გადახვეწილი, რომელმაც შენი სამშობლოს ტერიტორიების 20% მიისაკუთრა. მისთვის გულსატკენია იმის ყურება როგორ არაფრად აგდებენ შენი ქვეყნის სამართლიან მოთხოვნებს. ნანა თორდია გაუგებრად და არასწორად მიიჩნევს მოსკოვში აცეკვებული და ამღერებელი ქართველების საქციელს, რომელზეც, როგორც თვითონ ყვება, რუსები საჭმელად და საქეიფოდ მიდიან.

“აქამდე არ წავსულვარ და ახლაც რომ გამართულიყო არ წავიდოდი. არ მივიღებ მილოცვებს იმ ადამიანებისგან, ვისაც ერთი სული აქვთ მთელი საქართველო რუსეთის გახდეს. არ მსურს ვნახო ჩემს დღესასწაულზე ოკუპანტები ერთობოდნენ. ყველაზე ალბათ ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრალესობა ეროვნებით რუსი, ჩემი ქვეყნის მტერია. ვინც დღემდე მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათი ტერიტორიაა. ყოველი დღე, რომელიც აქ მითენდება, მკლავს. თავი დამნაშავე მგონია. ჩემი ხელისუფლება რას აკეთებს? თავიანთი “პოლიტიკით” და “ეკონომიკით” ქვეყნიდან იმდენი ადამიანი გააქციეს, სადაც არ უნდა გაიხედო ქართველს ნახავ. ხალხი გასამდიდრებლად კი არა, პურის ფულის საშოვნელად გაიქცა. რას აკეთებს მთავრობა ამ ხალხის დასაბრუნებლად, მე რომ ჩამოვიდე რომელ ხელფასზე მამუშავებენ! ამბობენ სახელმწიფო პროგრამები ამ მიმართულებით აქტიურად ავამოქმედეთო. ჩემი დიდი ვარაუდით, ეს ისეთი პროგრამებია, მალე უვიზო მიმოსვლას არ შეექმნას საფრთხე, თორემ დასაქმებას ვინ ჩივის. ჩემს დედაქალაქში დღესასწაული ჩემს შვილთან ერთად მინდა ვიზეიმო და არა ოკუპანტი ქვეყნის მთავარ მოედანზე მწვადის მომზადების პროცესს დავესწრო”, – ამბობს ნანა თორდია.

 

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს, ოთხ ლოკაციაზე გაიმართება

 

მოსკოვში “თბილისობის” დღესასწაულის გაუქმებას ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იგორ დემეშკევიჩი, რომელიც არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში და როგორც თვითონ ამბობს, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. მისთვის საწყენია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფუჭება და მიიჩნევს, რომ მთავრობების არასწორმა პოლიტიკამ ხალხზე არ უნდა იმოქმედოს. იგორ დემეშკევიჩი კარგად იცნობს ქართულ კულტურას, ქართულ სამზარეულოს და საქართველოს ისტორიას. ჩვენთან საუბარში ამბობს რომ “თბილისობა მოსკოვში” მისთვის საუკეთესო მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. მან “ფორტუნას” მოუყვა იმ თბილი ურთიერთობისა და პატივისცემის შესახებ, რაც მას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. “არსებობენ და კიდევ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ორმა მეზობელმა მეგობრული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ”, – იგორ დემეშკევიჩი.

ოფიციალური განცხადება, რომ “თბილისობა” მოსკოვში არ გაიმართება, შესაბამის ქართულ უწყებებში არ ფიქსირდება. ინფორმაციას არ ფლობენ არც თბილისის მერიაში. ფაქტი კი ასეთია – წელს მოსკოვში ცეკვა-სიმღერით რუსებს არ გავართობთ და არც ჩურჩხელას შევთავაზებთ. ღვინო და ბორჯომი იქ ისედაც იყიდება. ცნობისთვის, მინერალური წყალი “ბორჯომი” რუსული კომპანია “ალფა-ჯგუფის” საკუთრებაშია.

 

ლიკა შამათავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g