თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში მაშველებმა კატა გადაარჩინეს, რომელიც 2 დღის განმავლობაში ხეზე იჯდა და ვეღარ ჩამოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა “ფორტუნას” ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობს, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.
კატა, სახელად “მიმი” მოულოდნელად დაიკარგა და მას მეზობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 2 დღის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ “მიმი” ხის კენწეროზე, დაახლოებით 30-35 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და ვეღარ ჩამოდიოდა.
“მეხუთე სართულის მეზობლებმა გაიგონეს კატის კნავილი. თავიდან გვეგონა, რომ ხმა აივნიდან შემოდიოდა, შემდეგ ხის კენწეროზე აღმოვაჩინეთ. დავრეკეთ 112-ში. მალევე მოვიდნენ ცხოველთა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი კატა უვნებლად ჩამოიყვანეს ხის კენწეროდან. დიდი მადლობა კეთილ ადამიანებს”,- ამბობს თამუნა ტაბატაძე.
კატის სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა. “მიმის” დაბრუნებას მეზობლები ოვაციებით შეხვდნენ.
https://www.facebook.com/tamuna.art/videos/2819766288042984/