მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. 2 მაისს, თბილისში კომპანიის „სიტი ემ“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმროს გახსნისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ” (McInerney Hospitality International Georgia) ახორციელებს.
სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმროს „ვინდამ გრანდ თბილისი“ მშენებლობის პროცესში, მფლობელმა კომპანიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს მიანიჭა და პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა. არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.
სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.
კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს და მისი პორტფელი სასტუმროების ისეთ ბრენდებს მოიცავს, როგორიცაა: Wyndham Grand®, Wyndham®, Wingate®, Wyndham Garden®, Ramada®, Dolce Hotels and Resorts®, Tryp®, Baymont®, Esplendor Boutique Hotels®, The Trademark Collection®, Hawthorn Suites®, Microtel®, La Quinta®, AmericInn®, Days Inn®, Super 8®, Howard Johnson® და Travelodge®. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს სულ მალე თბილისიც დაემატება.
თავდაპირველად სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას.
კომპანიის „სიტი ემ“ მიზანია კვლავ განაგრძოს საქართველოში ინვესტირება, კერძოდ კი, თანხების დაბანდებას მძიმე მრეწველობაში გეგმავს. საბოლოო ჯამში მისი ინვესტიცია ქვეყანაში 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.