ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს განიხილა.

პროექტის მხარდამჭერები ითხოვენ, კანონიდან ამოიღონ არსებული ტერმინები – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცნობილია, კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო და მას მხარი დაუჭირეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებმა.

მსგავსი თემები