ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე უამრავი პრესტიჟული კინოპრემია მოიპოვა და „ოსკარის“ ორგზის მფლობელი გახდა, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პატივცემული პერსონაა, რომელიც წარმატებით აგრძელებს ფილმებში მონაწილეობას, თუმცა დღეს პროდიუსერული საქმიანობა და სცენარებზე მუშაობა უფრო აინტერესებს.
ტომ ჰენქსი: საინტერესო ფაქტები
მოზარდი ჰენქსი – ტომ ჰენქსი 1956 წლის 9 ივლისს დაიბადა კალიფორნიის პატარა ქალაქ კონკორდში. მისი მამა ბრიტანელი რესტორატორი, დედა კი, პორტუგალიიდან ემიგრირებული ექიმი იყო. ტომი ხუთი წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მისი უფროსი და-ძმა მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, თვითონ კი, დედასთან დარჩა. თუმცა, ჟანეტ მერლინი, რომელსაც ყოველთვის უჭირდა სამუშაოს შოვნა, მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელს. 10 წლის ასაკში ტომმა რამდენიმე შტატში მოასწრო მოგზაურობა, რაც ნეგატიურად აისახა მის ინტელექტუალურ განვითარებასა და ფსიქიკაზე, რადგან მუდმივად იცვლიდა სკოლებს და ვერ ასწრებდა თანატოლებთან დამეგობრებას.
გატაცება – ბავშვობაში ჰენქსი საოცრად მორცხვი იყო. არ ჰყავდა მეგობრები და მთელ დღეებს მარტოობაში ატარებდა. მორცხვობის დაძლევაში ტომს მასწავლებელი დაეხმარა, რომელმაც სკოლის სპექტაკლში მონაწილეობა შესთავაზა. ახალმა ჰობიმ ისე გაიტაცა მოზარდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა დრამისა და სამსახიობო ოსტატობის ფაკულტეტზე.
კინოდებიუტი – 1979 წელს ჰენქსი ნიუ-იორკში გადაბარგდა. თავიდან მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა ნაკლებად ცნობილ სერიალებში. მომავალი ვარსკვლავის კინოდებიუტი 1984 წელს შედგა მელოდრამაში „შხეფები“, რასაც რამდენიმე წარმატებული ნამუშევარი მოჰყვა, თუმცა მსოფლიო აღიარება მხოლოდ 1988 წელს მოიპოვა ფილმით „დიდი“. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ჰენქსის ნამუშევარი, რომელმაც „ოსკარის“ პირველი ნომინაცია და „ოქროს გლობუსის“ პრემია დაიმსახურა.
„ოსკაროსანი“ ფილმები – დრამაში „ფილადელფია“ ჰენქსმა შიდსით დაავადებული ჰომოსექსუალი განასახიერა. საკმაოდ პროვოკაციული პერსონაჟი აბსოლუტურად უცხო აღმოჩნდა 1990-იანი წლების დასაწყისის ამერიკული კინოსთვის, რადგან რეჟისორები ვერ ბედავდნენ ჰომოფობიასა და შიდსზე ხმამაღლა საუბარს. რეალურ ისტორიაზე შექმნილ ფილმში ჰენქსის პროტოტიპი ახალგაზრდა იურისტი ჯეფრი ბაუერსი გახდა. მომაკვდინებელი სენით დაავადებული პერსონაჟის განსახიერებისთვის ჰენქსმა მთელი 11 კილოგრამი დაიკლო წონაში და როგორც თავად განაცხადა სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი განიცადა. თუმცა, მისი მონდომება კრიტიკოსებთან ერთად კინოაკადემიკოსებმაც დააფასეს და დამსახურებული „ოსკარი“ გადასცეს. ერთი წლის შემდეგ მსახიობმა გონებრივად ჩამორჩენილი ფორესტ გამპი განასახიერა ამავე სახელწოდების ფილმში, მეორე „ოსკარი“ დაიმსახურა და პირველი ჰოლივუდელი გახდა, ვინც კინოაკადემიის პრემია ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ მიიღო.
საკულტო ფილმები – 1990-იან წლებში ჰენქსის მონაწილეობით კიდევ რამდენიმე ფილმი, მათ შორის „რიგითი რაიანის გადარჩენა“, „მწვანე მილი“ და „დამიჭირე თუ შეგიძლია“ გამოვიდა. მართალია, მსახიობის ყველა ნამუშევარი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ერთნაირად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
პირადი ცხოვრება – პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ, 1985 წელს ჰენქსმა გადასაღებ მოედანზე გაიცნო რიტა უილსონი, რომელზეც ორი წლის შემდეგ იქორწინა. საქორწინო ცერემონია ბერძნულ სტილში გაიმართა, რადგან უილსონის წინაპრები ბერძენი ემიგრანტები იყვნენ. ამასთანავე, სწორედ მეუღლის თხოვნით გახდა ჰენქსი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ორი ქორწინებიდან მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს.
პოლიტიკური შეხედულებები – ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის პოლიტიკის მხარდამჭერი ჰენქსი საჯაროდ კიცხავდა დონალდ ტრამპს. ყოველთვის მხარს უჭერდა ერთსქესიან ქორწინებას, მორმონთა ეკლესიას კი, მოძველებული შეხედულებებისთვის აკრიტიკებდა.
უცნაური ჰობი – მსახიობი დიდი ხანია საბეჭდ მანქანებს აგროვებს და უკვე 300-მდე ეგზემპლარს მოუყარა თავი საკუთარ კოლექციაში. ამასთანავე, პირველი წიგნის გამოცემას გეგმავს, რომელშიც სხვადასხვა მანქანაზე დაბეჭდილ, 18 მოთხრობას გააერთიანებს.
კორონავირუსი – 2020 წლის 12 მარტს ჰენქსი მეუღლესთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შესახებ საკუთარ ინსტაგრამში განაცხადა: „ძალიან სუსტად ვგრძნობდით თავს, დაბალი ტემპერატურა გვქონდა, თუმცა მთელი სხეული გვტკიოდა“. 63 წლის ტომ ჰენქსი რისკის ჯგუფში აღმოჩნდა, ამიტომ მეუღლესთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
საინტერესო ფაქტები
*ჰენქსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მდიდარი მსახიობია.
*მსახიობის საყვარელი სერიალი „ვარსკვლავური გზაა“, საუკეთესო ფილმებად კი, სტენლი კუბრიკის „კოსმოსურ ოდისეა 2001“ და მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროები“ მიაჩნია.
*სპორტის მოყვარული ჰენქსი თვითონაც აქტიურად ვარჯიშობს და სპორტულ ღონისძიებებსაც ინტენსიურად ესწრება.
*1992 წელს მსახიობმა პერსონალური ვარსკვლავი მიიღო ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
*მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ჰენქსი უარს ამბობს ფილმებში მონაწილეობაზე, რომლებშიც წონაში დაკლება ან მომატება უწევს.
*მსახიობს იდეალური რეპუტაცია აქვს, რადგან არასდროს გაბმულა ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში.
*პოპულარული ზედმეტსახელი „ამერიკის მამა“ ჰენქსმა ფილმებში შესრულებული დადებითი პერსონაჟების წყალობით შეიძინა.
*საუკეთესო მეგობრად ჰენქსი სტივენ სპილბერგს თვლის, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და ხშირად სტუმრობს ბარბიქიუზე.