ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებით ნაწილშია ნათქვამი.
მათი განმარტებით, მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, პირველ რიგში, პანდემიის შეჩერებაზე, ან ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ვაქცინაციის ტემპის ზრდით არის მიღწევადი. სხვა შემთხვევაში, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას დააბრკოლებს.
„2022 წლისთვის დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 751 მლნ ლარით (4.2%-ით) მეტია. მატებას საგადასახადო შემოსავლების 2 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს;
2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 198 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზირებული მოცულობა და იგი 189 მლნ ლარს შეადგენს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტები ბოლო 8 წლის მინიმუმზეა დაგეგმილი, როგორც ჯამური მოცულობით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, ევროკავშირისგან მისაღები გრანტების კუთხით;
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) ნაკლებია. კლებას ვალის დაფარვის მაჩვენებლის შემცირება განაპირობებს; გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი – ბიუჯეტის ხარჯები 84 მლნ ლარით მცირდება და 13.8 მლრდ ლარს შეადგენს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.