LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვეში 30 მილიონიანი ზარალი ტურიზმში – კორონავირუსი საქართველოში და მისი საგანგაშო შედეგები

334
turistebi

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში და ქვეყანა, სადაც ვირუსის გავრცელების რისკთან ერთად ეკონომიკური საფრთხეებიც გაჩნდა. ტურიზმის სექტორში უკვე ღიად საუბრობენ იმ უარყოფით გავლენაზე, რაც საზღვრების დროებით ჩაკეტვას მოჰყვება, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არაა. მილიონობით ლარის ზარალზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.

რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, გაერკვია, რას კარგავს ტურიზმის სექტორი კორონავირუსის გამო ჩაკეტილი საზღვრებით და როგორ აისახება ეს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.

სანამ ტურიზმის სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებს გაგაცნობთ, სტატისტიკას გადავხედოთ. მხოლოდ ბოლო ერთ თვეს, ანუ 2020 წლის იანვარს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ირანი და ჩინეთი საქართველოს ვიზიტორთან ტოპ 15 ქვეყანას შორისაა. მათ შორის ირანიდან 10 ათასამდე შემომსველი, ხოლო ჩინეთიდან 3000-ზე ცოტა მეტი პირი ფიქსირდება. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა.

„ფორტუნა“ ტურიზმის ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ უკვე აშკარად და ღიად შესაძლებელია იმ უარყოფით გავლენაზე საუბარი, რაც საზღვრების გამკაცრებას მოჰყვება.

საქართველოში პირველი კორონავირუსი დაფიქსირდა - ვინ არის პაციენტი

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა

„ჯერ ერთი არ შეიძლება დისკრიმინაციული განცხადებები ან გადაწყვეტილებები, რომ შეზღუდვები მხოლოდ ირანს ან ჩინეთს ეხება. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძლება შემოვიდეს ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი ექნება. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას რაც შეეხება, რატომ არ შეიძლება რომ ტურისტი ტრანზიტით ან ხმელეთით შემოვიდეს. რაც შეეხება ზარალს, ცხადია, ამ ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი შემოდის, ამიტომ ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, – აცხადებს მაია სიდამონიძე.

მისი თქმით, ამ დრომდე, ტურიზმის სექტორთან არანაირი ტიპის კომუნიკაცია არ ყოფილა. ის ამბობს, რომ საჭიროა კოორდინირებული მოქმედება და განხილვა, რა გადაწყვეტილებას რა შეიძლება მოჰყვეს ან როგორ შეიძლება მოხდეს ზარალის თავიდან აცილება თუ არა, უარყოფით გავლენის მაქსიმალურად შემცირება.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ტურისტების ნაკადის შემცირებას სხვა ქვეყნებიდანაც უნდა ველოდოთ. მათი თქმით, ვირუსის გავლენა მთელ მსოფლიოზე საკმაოდ მასშტაბურია და იმ ზარალიდან გამოსვლა, რასაც ქვეყანა საზღვრების ჩაკეტვით მიიღებს, რთული იქნება.

 

როგორც „ფორტუნას“ დარგის სპეციალისტებმა უთხრეს, ჩინელი და ირანელი ტურისტები საქართველოში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდნენ და ზარალი შეიძლება თვეში 40-45 მილიონი ლარი იყოს.

ზარალზე ღიად საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვა ტურიზმისთვის დამაზიანებელია.

პირველ რიგში მოქალაქეების ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული, ამიტომ წავედით ამ არაპოპულარულ ნაბიჯებზე. პირველ რიგში ეს ფრენების შეზღუდვას ეხება. გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მთავრობა ანტიკრიზისულ ნაბიჯებზე იფიქრებს“ ,- აცხადებს თურნავა.

გეტყვით იმასაც, რომ თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენები კვირაში 14-ჯერ სამი სხვადასხვა ირანული ავიაკომპანიის მიერ სრულდებოდა. ახლა ამას უკვე სახმელეთო შეზღუდვებიც დაემატა და პრემიერის გადაწყვეტილებით, საზღვრები ორი კვირით ჩაიკეტა.

ამ ეტაპზე უცნობია, დაწესდება თუ არა მსგავსი შეზღუდვები იტალიის მიმართულებით, სადაც კორონავირუსის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კარანტინია გამოცხადებული. საქართველოს რაც შეეხება, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ვირუსის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯერჯერობით არ იგეგმება სკოლებისა და სხვა დაწესებულებების დახურვა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები