LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დადგინდეს დამკვეთი: მოითხოვს თუ არა საქართველო რამზან კადიროვის დაკითხვას – რა უნდა ქნას გაბუნიამ და რა ქვეყანამ

197
gabunia

კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამის შესახებ განცხადება „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით გინება გახდა.

ერთი წლის წინ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას “ურჩია”, პუტინის გინების შემდეგ დამალულიყო, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

კადიროვის თქმით, გიორგი გაბუნიას ...

გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია? ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა. 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა გაბუნიას ლიკვიდაცია ერთი წლის წინ მომხდარ ფაქტს არ უკავშირდება. 

„არ მგონია, რომ ეს პუტინთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი იყო, რაც გიორგი გაბუნიამ ერთი წლის წინ გააკეთა. უბრალოდ, მგონია, რომ იმ მომენტში ემოციებმა უფრო იმუშავა, ვიდრე გონებამ. მისი გამოსვლა ნამდვილად არაკორექტული და არასწორი იყო. ასეთი განცხადებები სწორად არ მოქმედებს საზოგადოებრივ განწყობებზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ განცხადების მერე გაბუნია, ორი თვით ჩამოაშორეს სამუშაოს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი შიდა თემაა, მაგრამ სულ სხვაა, რომ ამ განცხადებას არაოფიციალური, მუქარა მოჰყვა რამზან კადიროვის მხრიდან, მუქარა, გულწრფელად რომ გითხრათ, სერიოზულად არ აღვიქვი. არც დღეს მგონია, რომ ეს მუქარა ძალიან სერიოზულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძიება, რაზედაც არის დაწყებული, შეკერილია ან მოგონილი. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა დაადგინონ, რა მოხდა.

არ მგონია, განნზრახვა იყოს ის, რომ პუტინის შეურაცხყოფის გამო უხდიან სამაგიეროს. მგონია, რომ განზრახვა არის სულ სხვა.

გაბუნია ვის მოსწონს და ვის არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა ქართულ მედიასაშუალებებში. ღმერთმა დაიფაროს და მისი ლიკვიდაცია გამოიწვევდა არეულობას. პარალელებს არ ვავლებ, მაგრამ როდესაც ამ თემაზე ფიქრობ, გინდა თუ არ გინდა, გონებაში გიტივტივდება გიორგი სანაიას გარდაცვალება და მკვლელობა, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა და გვახსენდება ის, რაც მოჰყვა ამ მკვლელობას.

ღირს კი გაბუნიასთან შურისძიება იმად, რომ სკანდალი გამოიწვიოს? ხომ ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს აქტი არ განხორციელდეს, ან ჩავარდეს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა და რასაც გარკვეული რეზონანსი მოჰყვა. ამიტომ არ მგონია, რომ შორისძიება ან ჭკუის სწავლება ყოფილიყო წამყვანი მამოძრავებელი. დღეს ქვეყანაში ცოტა სხვა ვითარებაა. წინასაარჩევნო პერიოდია და ძალიან ბევრი ძალები მუშაობენ ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნისთვის, ამიტომაც გავავლე გიორგი სანაიას მკვლელობასთან პარალელი, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინ და შესაძლოა, ეს რუსეთში ვინმეს მოუვიდა თავში.  ყოველ შემთხვევაში ეს უფრო მგონია რეალური. ამ განხორციელებულ ტერაქტს შესაძლოა ასეთივე შეძახილი მოჰყოლოდა, თუკი ის არ იქნებოდა გაშიფრული და გამოძიება ვერ დაადგენდა, რა მოხდა. წარმოიდგიეთ ერთი წამით, ღმერთმა დაიფაროს და ვერ გაეხსნათ ეს საქმე და ტერაქტი განხორციელებულიყო, ვინ იქნებოდა პირველი ეჭვმიტანილი?  რა თქმა უნდა, არავის გაახსენდებოდა, რომ გაბუნიამ ერთი წლის წინ რაღაც ილაპარაკა პუტინზე. გაბუნია, მოქმედი ჟურნალისტია და ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულია (რბილად რომ ვთქვათ). ვინც ეს ჩაიფიქრა, არის არა შურისძიება, უბრალოდ გათვალეს, რომ თუ რაღაც მოხდებოდა, ყოფილიყო ლაპარაკი შურისძიებაზე.

ჩემთვის მოტივი ნაკლებ სარწმუნოა, რომ ყოფილიყო ერთი წლის წინ გაკეთებულ ტექსტზე. ეს განცხადება შეიძლება გამოიყენეს იმისათვის, რომ რეალური მიზანი დაეფარათ. თუ ლიკვიდაცია მოხდებოდა, ვერ გაიხსნებოდა ტერაქტი. ქილერი სწრაფად დატოვებდა საქართველოს და ამით დამთავრდებოდა, ყველაფერი კი დაბრალდებოდა ხელისუფლებას.

გაბუნიას რა გამოსავალი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლებას ის გამოსავალი აქვს, რომ გამოიძიოს და არ იფიქროს მარტო იმაზე, რომ ვიღაცას შურისძიება უნდოდა, მიზეზები უფრო ღრმად უნდა ეძებონ“, – განაცხადა ძაბირაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და საქმე ბოლომდე გამოიძიოს.

„როგორც არ უნდა განვიხილოთ მომხდარი, ადგილი აქვს ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობას. გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაცია ქვეყანაში სერიოზულ კრიზისს გამოიწვევდა. ეჭვმიტანილი გახლავთ რუსეთის მოქალაქე და თუ ამ ჯაჭვს ავაწყობთ, მაღალი ალბათობით ის შეიძლება უკავშირდებოდეს გაბუნიას ერთი წლის წინანდელ დემარშს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. შესაბამისად მიდგომაც ამ თემის მიმართ უნდა იყოს სხვანაირი. საკითხს აქვს არა მხოლოდ სისხლის სამართლის განზომილება, არამედ პოლიტიკური განზომილებაც და პოლიტიკაში ბევრად უფრო ღიად მიმდინარეობს პროცესები. პოლიტიკა არ ელოდება მაღალი ხარისხის მტკიცებულებების მოპოვებას და პროცესი ხდება გამჭვირვალე.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება? რადგან არსებობს გონივრული ეჭვი,
უნდა გამოითხოვოს რუსეთის მხრიდან ყველა ინფორმაცია ეჭვმიტანილზე, მის საქმიანობაზე, კავშირებსა და გადაადგილების მარშრუტებზე. უნდა დამტკიცდეს შესაძლო დამკვეთები ვინ არიან და უნდა დაიკითხონ. ამ შემთხვევაში რამზან კადიროვზეა საუბარი. თუ რუსეთის მხარე უარს აცხადებს თანამშრომლობაზე, ამას მოჰყვება საერთაშორისო რეზონანსი.

ერთია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ პოლიტიკური განზომილება ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა წარმართოს ყველაფერი. ყველა სხვა შემთვევაში ხელისუფლება იმ არგუმენტით, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დახუროს და გაასაიდუმლოოს საქმე, სამწუხაროდ, გააძლიერებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ეჭვებს, რომლებიც კოლაბორაციონიზმში ბრალს სდებს ხელისუფლებას.

ასე რომ, ხელისუფლებას წაყრუების ან „აკადემიურად მოქმედების“ დიაპაზონი მაინცდამაინც დიდი არ აქვს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ და არა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” საქმის გასაიდუმლოებით და მიფუჩეჩებით.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურები სათანადოდ არ ითანამშრომლებენ, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის ირიბი დადასტურება. ამის შემდეგ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია საერთაშორისო რეზონანსით.
გაგახსენებთ “სოლსბერის საქმეს”. პოლიტიკურად “მაღალი ალბათობა” საკმარისია პროცესის დასაწყებად…” – აცხადებს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები