შვილის გაჩენა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა , თუმცა უნდა დაესწროს თუ არა ამ ფაქტს მამა, ან სხვა ადამიანი დედის გარდა, ჯერ კიდევ სადავო საკითხია. ბევრი ექიმი მიიჩნევს, რომ მამაკაცის დასწრება მშობიარობაზე შესაძლო გართულებების რაოდენობას ამცირებს.საზოგადოების ნაწილი კი ამბობს, რომ არაა სასიამოვნო, ქმარმა ცოლი მშობიარობის არაესთეტიკურ მომენტში ნახოს.

უნდა დაესწროს თუ არა ქმარი ცოლის მშობიარობას

საკითხზე დავა ცოტა ხნის წინ კვლავ განახლდა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკელი ფოტოგრაფის მარაიკა თოენის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც პატარა დაიკო ელოდება, როდის ამოიყვანს ექიმი წყლიდან მის დას ან ძმას.

ამ ამაღელვებელი მომენტის დაფიქსირებისთვის ფოტოგრაფმა გლობალური პრიზი მოიპოვა და არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა.

“ვიღაცისთვის ნორმალურია და ჩემთვის მძიმე, არ მომინდებოდა ჩემიანს ეყურებინა ამ პროცესისთვის და მითუმეტეს, რა იციან წინასწარ ბავშვის ფსიქიკა როგორ გადაიტანს და რა კვალს დატოვებს ეს სანახაობა მასზე”

“საოცარი შეგრძნებაა ,მაგრამ დედმამიშვილის დასწრების აუცილებლობას, ვერანაირი თანამედროვე აზროვნებით ვერ ,,ვაპრავებ,, მე ბოდიში😊 რაც შეეხება მამას ,ნებაყოფლობითია ,ჩემი ქმარი იქეთ გამიხდა დასაწყნარებელი და ბოლო წამს მე თვითონ ვთქვი უარი ,დასწრებოდა ბავშვის დაბადების პროცესს. ამაზე დავა არაა სწორი ,ვისაც როგორც მიაჩნია ურთიერთობაში, ისე უნდა გადაწყვიტონ”

“ბავშვმა არ უნდა უყუროს, ნამდვილად მძიმე გადასახარში იქნება რადგან ამ დროს ასოციაციურად ყველაზე რთული “სიუჟეტი” ყალიბდება ბავშვის ქვეცნობიერში.. ინდივიდუალურია მაინც.. მაგრამ ბავშვის გაჩენის პროცესს, როგორც “საშინელებას” ან რაღაც “საზიზღრობას” რომ შევადაროთ.. აქაც პრობლემაა.. ნუ სადილის დროს რომ მაყურებინოს ვინმემ ბუნებრივია რომ მადას დავკარგავ მაგრამ იმ მომენტში როცა ჩემი მომავალი სიცოცხლის ხმის გაგება მინდა მანდ უკვე მთავრდება ესთეტიური მიდგომები და უბრალოდ ძალიან დიდ გრძნობაზე დამყარებული მოლოდინია.. ”

“ზოგადად ბავშვები გაცილებით მარტივად იღებენ ბევრ რამეს, ჯერ უნდა აუხსნა და შეამზადო უბრალოდ. იგივე დაბადების, სიკვდილის თემა არ უნდა მოარიდო, უნდა ელაპარაკო, მერე უფრო დიდი სტრესია”

“რა საზიზღრობაა ეს , ამ დროს დამსწრეები თან ბავშვი” – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ფსიქოლოგი ნანა ბურდული “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბავშვის ასაკი, რადგან ისინი სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად აღიქვამენ რეალობას.

“დამალვა სწორი არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს როგორ ვაწვდით ფაქტს , შეიძლება ტრაგედიაც კი მისთვის გასაგები ენით იყოს მიწოდებული. მშობიარობა სტრესსაც უკავშირდება. დედის კივილი, პატარა ასაკში,  შეიძლება საერთოდ, ემოციური შოკი იყოს. ზოგჯერ  სამყაროს დასასრულიც.

უნდა დაესწროს თუ არა უფროსი შვილი დედის მშობიარობას, ასეთი ფორმულა არ არსებობს. თუ ბავშვი ხედავს მხოლოდ დაბადებას და დედის მდგომარეობას საერთოდ ვერ აღიქვამს, არც დედის ხმა ესმის, ეს შეიძლება რეალურად სასწაული იყოს ბავშვისთვის.

გააჩნია, თუ ნატურალისტურად ხედავს ყველაფერს შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მისი ფსიქიკისთვის და მთელი ცხოვრება დაბადების გაუცნობიერებელი შიში ჰქონდეს”- ამბობს ფსიქოლოგი

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები