LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შევუშვათ თუ არა რუსები ლუგარის ლაბორატორიაში: „შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების წყაროდ წარმოადგინონ“

718
13066767

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და საქართველოსგან მოითხოვს „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რუსებს თეთრი შურით შურთ. 

გამყრელიძე განმარტავს, რომ მოსკოვი დიდი ხანია ჩვენი მბრძანებელი არაა და მხოლოდ რუსული დელეგაცია ვერ ჩამოვა.

დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი-არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს-ამირან გამყრელიძე

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რატომ სურთ რუსებს ლუგარის ლაბორატორიის ნახვა. 

ჩვენთან საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.

„ეს არის პოლიტიკური დემარში. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში დემონსტრაციულად ნახვის გარეშეც, ნამყოფებიც არიან. სამწუხაროდ, რუსული დაზვერვა საქართველოში არსებობს და ნახვის გარეშეც კარგად იციან, რაც ხდება.

არ ვიცი, მომავალში რას აპირებენ, მაგრამ ახლა ბევრი თემა ერთმანეთს ემთხვევა.

მაგალითად ბორდერიზაციის საკითხი. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული განცხადებები. დაიწყო ბრალდებების სერია, რომ ქართული მხარე არღვევს პირობით საზღვარს. მიდის საუბარი იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია მათ წამლავს. შემოიღეს კანონი, რომელიც იარაღის ტარებას აკანონებს ადგილობრივებისთვის.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, საეჭვო ბრალდებებია.

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, რუს სპეციალისტებს ლუგარის ლაბორატორიაში არ შევუშვებდი, მაგრამ ამაში არაა მარტო საქმე.

საქმე ისაა, რომ ლუგარი ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანი ობიექტია და ეს საკითხი მათთან ერთად უნდა გადაწყდეს.

როდესაც ასეთი რამ ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ყოველთვის უნდა ნახოთ, რა ხდება მსოფლიოში.

დღეს საკმაოდ გართულებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობები სხვადახვა საკითხთან დაკავშირებით.

ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების „ღია ცის“ ხელშეკრულებდან გასვლა. მეორე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკამ სანქციები დაუწესა იმ საერთშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობენ.

რუსეთი ცდილობს, დასავლეთი დასაჯოს მათი მოკავშირეების დახმარებით. ვინ არიან ეს მოკავშირეები? უკრაინა და საქართველო. განსაკუთრებით სუსტია საქართველო, აქ უფრო მეტი გაუვა. ფაქტობრივად, ჩვენ სამაგიეროს ვიღებთ იმის გმო, რა პრობლემებიც შეექმნა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას.

ჩემი აზრით, მათი ლუგარის ლაბორატორიაში შეშვება არ შეიძლება, შეიძლება ნებისმიერი შინაარსის დასკვნა დადონ. თუ სამხედრო ექსპერტები ჩამოვლენ, ყველაფერია მოსალოდნელი“, – აცხადებს არეშიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორია შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების წყაროდ წარმოადგინონ.

„საქმე არა იმდენად ლუგარის ლაბორატორიაშია, არამედ რუსეთის მიზანში. ლაბორატორიის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ გააჟღერებენ, რომ ამ ტიპის ლაბორატორიებიდან ამერიკელებს ნებისმიერი ტიპის დაავადების გავრცელება შეუძლიათ. და კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს დისკრედიტაცია.

რატომ მოხდა, რატომ გააქტიურდა მაინცდამაინც ახლა ეს თემა?

ამას თავისი ახსნა აქვს. რუსეთში კორონავირუსის გამო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. პრინციპში ყველა ქვეყანაში გაუარესდა, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ რუსეთმა დიდი დანაკლისი იწვნია, რადგან მისი ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობის ფასი დაეცა, 65-დან 20 დოლარამდე, ბუნებრივია, რუსეთის სავალუტო შემოსავალი შემცირდა. რუსეთს ერთ-ეთი ლიდერი პოზიცი უკავია კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს შორის. გუშინდელი მონაცემებით კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად არის დაცემული. ახლა მათ სურთ, ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაზე, ეს არის აშშ-ს და მათთან ერთად საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა.

პანდემიამდეც რუსებმა რამდენჯერმე გააკეთეს სპეციალური განცხადება ლუგართან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ამ ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდებს ატარებდენ, რომლის შედეგიც იყო ონკოლოგიური დაავადების მატება და ა.შ. ორი კვირის წინ სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გაავრცელა დეზინფორმაცია, და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ ჩასულიყვნენ საქართველოში, რადგან საქართველოს მიზანი იყო ლუგარის ლაბრატორიის მეშვეობით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებში კორონავირუსი გაევრცელებინათ.

ეს განცხადება, რასაკვირველია, რუსული ხრიკი იყო და რუსეთის მითითებით გაკეთდა.

ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც ქვეყნის მთავარი სიმდიდრე გახდა

პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე დაფინანსება 350 მილიონამდე გაიზარდა.

რუსეთს სურს, აშშ დაადანაშაულოს ვირუსის გავრცელებაში და ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ წარმოადგენოს“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები