LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვესაუბროთ აფხაზ და ოს ძმებს, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა არ აიცილოს: ლილუაშვილი

59
გრიგოლ ლილუაშვილი

“ქვეყნისთვის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია. ძირეულად, სიტუაცია არ შეცვლილა არც ერთ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება დროებით ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სუს-ის 2020 წლის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად პუნქტზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში ახორციელებს და აღნიშნა, რომ ანგარიშის პირველი თავი ეძღვნება ოკუპაციას, ისევე როგორც წინა ანგარიშებში:

“გამოიკვეთა სამი ძირითადი პუნქტი, რასაც რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში ახორციელებს, პირველ რიგში, ეს არის რუსეთის ანექსია და რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა.

მნიშვნელოვანია ისიც რომ ანექსიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აძლევს რუსულ მხარეს იმის საშუალებას, რომ ეფექტური კონტროლის ქვეშ მოაქციონ არსებული დე-ფაქტო მთავრობები და მიაღებინონ მათ სასურველი გადაწყვეტილებები.

მეორე პუნქტი ჰიბრიდული ომის ფარგლებში წარმოებული პროცესია – ეს უკავშირდება უკანონო ბორდერიზაციად და უკანონო დაკავებებს და ყველა იმ ინციდენტს, რაც ხორციელდება როგორც პირობითად გამყოფი ზოლის სიახლოვეს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.

გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომელსაც ჩვენ გამოწვევის მსგავსად ვუყურებთ – ეს არის რუსეთის მხარის მცდელობა – პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გამოეთიშოს მოლაპარაკებების პროცესს როგორც მხარე”.  -განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელმა დეპუტატებს სთხოვა, პირდაპირი დიალოგის საკითხთან დაკავშირებით გაითვალისიწინონ ის რისკები, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს თან.

მისივე თქმით, ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოოს აფხაზ და ოს ძმებთან:

“რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში ერთმანეთს არ შევრჩეთ და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე”. – თქვა ლილუაშვილმა.

პოპულალურები