„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უნგრეთის ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მყარი მხარდაჭერა აქვს და 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი“.
„ხვალიდან გვექნება შეხვედრები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება. კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან. უნგრეთის ხელისუფლება და უნგრეთის მმართველი პარტია ძალიან მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მათი პოზიცია არის უცვლელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიფიქსირეს ჩვენმა მეგობრებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხეს, „ხომ არ იქნება საქართველოს კონტექსტში საფრთხის შემცველი, უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მთავრობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეს ევროკავშირისა და უნგრეთის საქმეა“.
„მგონია, საბოლოო ჯამში, შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისე უკრაინა და მოლდოვაც მიიღებენ მხარდაჭერას 27-ვე ქვეყნისგან. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.
ოპოზიცია სინამდვილეში გაღიზიანებულია იმის გამო, რომ სინამდვილეში, ვიქტორ ორბანი და უნგრეთის ხელისუფლება მთლიანობაში არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი. ისინი გაღიზიანებას არასდროს მალავდნენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც უნგრელი ევროკომისარი იყო საქართველოში ჩამოსული და ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა, როგორი გზავნილები მიუძღვნეს მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რეალურად, ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.