LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველიჩკა – სამეფო ტურიზმი მარილის სამფლობელოში #ფორტუნაგიდი

371
ველიჩკა

პოლონეთის ერთ ძველ პატარა ქალაქ ველიჩკაში მდებარეობს მარილის სახელმწიფო, რომელსაც ლამაზი ლეგენდა აქვს.
ველიჩკას მარილის შახტა მზითვის სახით მშვენიერ უნგრელ პრინცესას კინგას გაატანეს, რომელიც პოლონელ თავად ბოლესლავს გაყვა ცოლად. ახალგაზრდა ქალს სურდა, რომ მისი მეუღლე და საერთო სამშობლო აღორძინებულიყო, თუმცა პოლონეთის ტერიტორიაზე არ იყო მარილის საბადო.
ამიტომ მზითვებში მიცემული შახტა უნგრეთიდან გადმოიტანეს. როგორ? ზეციური ძალების დახმარებით. სწორედ მათ მიუთითეს პრინცესას ”შემთხვევით” დაეტოვებინა საქორწინო ბეჭედი ერთ-ერთ უნგრულ შახტაში, შემდეგ კი ბოლესლავის მფლობელობისას ტიალ მინდორში ახალი შახტის გათხრის ბრძანება გაეცათ.
რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჯერ ბეჭედი იპოვეს, შემდეგ კი მარილის ქვა. ამის შემდეგ მარილი პოლონეთში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ღარიბი მოსახლეობისთვისაც კი, რისთვისაც პრინცესამ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მოგვიანებით კინგა წმინდანად შერაცხეს, მის საპატივსაცემოდ მარილის გამოქვაბულში მარილის უნიკალური სასახლე შექმნეს. ეს სამრეკლო დღემდე მიიჩნევა მიწისქვეშა არქიტექტურის ჭეშმარიტ შედევრად.

ველიჩკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მარილის მაღაროებია, რომელიც მთელ ევროპაშია სახელგანთქმული და 700 წელზე მეტი ისტორია აქვს. ეს გახლავთ მთელი მიწისქვეშა ქალაქი. დარბაზები და კამერები გრძელი დერეფნებითაა დაკავშირებული და მორთულია მარილის სკულპუტურებითა და ბარელიეფებით. აქ არის მიწისქვეშა ტბა და უნიკალური სამლოცველო. ის რამდენიმე დონეზეა განთავსებული და საერთო სიგრძე 200 კმ-ს სცდება.

ველიჩკის შახტა ერთადერთი სამთომომპოვებელი ობიექტია მთელ მსოფლიოში, რომელიც შუასაუკუნეებიდან დღემდე შეუჩერებლივ მუშაობს. აქ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში სამთო ტექნიკის განვითარების მთელ ეტაპს გაეცნობით.

1978 წლიდან მარილის საბადო შახტა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის და ბუნების ფენომენად არის აღიარებული.

XV საუკუნეში შახტების ჩვენება შემეცნებითი მიზნებისთვის პრივილიგებული ხალხისთვის დაიწყეს. XVI საუკუნის ბოლომდე ტურიზმი ელიტურად რჩებოდა, მისი ნახვა მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი.

ისტორიული წყაროს თანახმად, სწორედ XV საუკუნის ბოლოს დაიწყო პირველი ტურისტული მსვლელობა. იმ დროს ექსკურსანტებს შორის ბევრი ჰუმანისტი და მეცნიერი იყო. მათ შორის ნიკოლაი კოპერნიკი. სხვათა შორის მისი სახელობის დარბაზიც მოიძებნება მარილის სამფლობელოში.

სამახსოვრო წიგნში XVIII და XIX ასწლეულების მიჯნაზე იპოვით ისეთ სახელებს, როგორიცაა: მეფე ალეკსანდრ I, იმპერატორი ფრანცისკ I, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (მისი მარილის ქანდაკებაც დგას), ფრედერიკ შოპენი (ერთ-ერთ დარბაზში მისი მუსიკა ისმის), იან მატეიკი, დმიტრი მენდელეევი, ჰენრიკ სენკევიჩი და სხვა უამრავი ცნობილი მოღვაწე.
დღეისათვის ყოველწლიურად მარილის მიწისქვეშეთში მილიონამდე ტურისტი გადის.

 

კრაკოვიდან ველიჩკა ძალიან ახლოსაა, სამანქანო გზით 10 კმ-ია, სარკინიგზო გზით 13 კმ. კრაკოვის ცენტრალური სადგურიდან (krakow glowny) ძალიან კომფორტული მატარებელი დადის. საკმაოდ იაფიანი ბილეთის ყიდვა სალაროს გარდა, ვაგონ გამცილებელთანაც შეიძლება. ბუნებრივია ორსართულიანი მატარებელი ველიჩკაში მალევე ჩადის, სადგური კი მაღაროებთან ახლოსაა, საბადოები კარგად მოჩანს და 3-4 წუთში ფეხით უკითხავადაც მარტივად მიხვალთ.

დათვალიერება მხოლოდ ექსკურსია მძღოლთან ერთად ხდება. თითო ჯგუფში 35 კაცზე მეტი არ შეიძლება იყოს. ექსკურსიები რამდენიმე ძირითად ევროპულ ენაზე მიმდინარეობს და ბილეთის შეძენისას მიუთითებთ კიდეც რომელი ენის ჯგუფში გსურთ ჩაწერა.

მარილის სამყაროში დაახლოებით 2 საათს გაატარებთ. ამ დროში 2 კილომეტრს გაივლით და 20 ძველ კამერას ნახავთ. ტემპერატურა მუდმივად 15-16 გრადუსია. სხვათა შორის ჰაერი ტენიანი არ არის და სიცივე საერთოდ არ შეინიშნება.

ტრასა მშვენივრად არის განათებული. დიდ დარბაზში მასიური ჭაღი კიდია: 5.5 მეტრია სიმაღლეში და დაახლოებით 3 მეტრი დიამეტრისაა, დამზადებულია მარილის კრისტალებისგან და 300 ნათურა აბრდღვიალებს.

ბილეთი იაფი არ ღირს. დაახლოებით 25 ევროდან იწყება.

სანამ თქვენი ჯგუფის (ან ინდივიდუალური ტურის) დრო დადგება, შეგიძლიათ იქვე საბადოების ეზოში დაისვენოთ, რომელიც ძალიან ლამაზად არის მოწყობილი და ნებადართულია პირდაპირ მდელოზეც წამოწვეთ და თუნდაც წაიხემსოთ.

ექსკურსია უსაფრთხოების მოკლე ინსტრუქტაჟით იწყება (კაბელებს ნუ შეეხებით, ნუ მოწევთ, ჯგუფს არ ჩამორჩეთ და მსგავსი) და მთავრდება მართლაც რომ უნიკალური რესტორნით. მანამდე კი ნახავთ სუვენირების მაღაზიებს, კაფეს, მოსასვენებელს, ბოლოს გახვალთ რესტორანში და თუ აქ ისადილებთ ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვებათ ეს ემოცია და სატრაბახოც ნამდვილად გექნებათ: ქვამარილის კედლები ბუნებრივია შენარჩუნებულია, სხვა კი თანამედროვე დონეზეა მოწყობილი და წარმოიდგინეთ, ლამის ნახევარ კილომეტრის სიღრმეში მსოფლიოს გამორჩეულ ადგილზე ხართ და ლუდს მიირთმევთ.
მარილის შახტებიდან პირდაპირ დაბრუნებას არ გირჩევთ. ველიჩკა ძალიან პატარა, მაგრამ კოხტა ქალაქია და მის დათვალიერებას სულ ცოტა დრო თუ სჭირდება. იქვეა იოანე პავლე მეორის სახელობის ბაღი, პატარა მოკირწყლული ქუჩები, მცირე ზომის სუვენირების დახლები და მოკლედ მშვენიერი შესაძლებლობა დროის კარგად გასატარებლად და დასასვენებლად.

 

ბევრი პოლონელი კითხვაზე, თუ რა არის მთავარი პოლონური ღირსშესანიშნაობები და პირველ რიგში რა უნდა ნახო, ასახელებენ კრაკოვს და ველიჩკას.

ნებისმიერ მუზეუმსა თუ რაიმე ღირსშესანიშნავ ადგილზე წასვლა სუბიექტური შეხედულებების და გემოვნების ამბავია, თუმცა ეს მაინც გამონაკლისი შემთხვევაა და დაჟინებითაც კი შეიძლება ადამიანს ურჩიო, რომ თუ კრაკოვში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ ბუნებისა და ადამიანის გასაოცარ და ენით აუწერელ ერთობლივ ქმნილებას – KOPALNIA SOLI WIELICZKA.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g