LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას: ნინო ლომჯარია

81
ნინო ლომჯარია

„ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას“, – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სატელევიზო სიუჟეტის მომზადების დროს, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს იქ მყოფი სასულიერო და სხვა პირების მხრიდან. ჟურნალისტების განცხადებით დაზიანებულია მათი ტექნიკაც.

სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტების თავდასხმის შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

magti 5g