ისრაელში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღემდე მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ერთად შეკრების შემთხვევაში, დახურულ სივრცეში მათი რაოდენობა ათს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამ უკანასნელი წესის “დარღვევის” გამო, სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა გივატ-ზეევში გამართული ქორწილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც პოლიციას წვეულებიდან ხალხი გაყავს, დიდი აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ მსოფლიოში არ არსებობს მიზეზი საიმისოდ, რომ პოლიციამ ხალხზე იძალადოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარძლის ძმას, რომელიც კადრებში დასისხლიანებული ჩანს, ფიზიკურად პოლიცია გაუსწორდა.

როგორც the guardian წერს, სამართალდამცველები აცხადებს, რომ სახლში შესვლისას ოჯახის ერთ-ერთ წევრს პირადობა მოსთხოვეს, რაზეც ქალის მხრიდან აგრესია მოყვა, რაც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ოჯახი კი თავდასხმაში პოლიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ რეგულაცია, რომელიც ღია სივრცეში მხოლოდ 20 კაცის შეკრებას ითვალისწინებს, არ დაურღვევიათ.

 

 

შეგახსენებთ, ისრაელში რიგით მეორე კარანტინი 18 სექტემბრიდან მოქმედებს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ ვირუსის ყოველდღიური შემთხვევები 2000-ს გადააჭარბებს, შესაძლოა, კარანტინის შემსუბუქება ვერ მოხერხდეს.

ისრაელში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2 128 ადამიანი ემსხვერპლა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები