რას მალავს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში სისტემა და სად გაქრა მთავარი მტკიცებულებები – აღნიშნულ საკითხზე ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
იზა ომაძემ იმ ბუნდოვნობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც მისი შვილის მკვლელობის საქმე მოიცავს.
„ეს არ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, ეს იყო წარმატებულია ახალგაზრდის მკვლელობა, რომელსაც თავისი შექმნილი საქმით უნდოდა თავისი ქვეყანა მსოფლიო რადარებზე წარმოეჩინა.
დღემდე ვიხვეწები, ვინ და რატომ მომიკლა შვილი.. ჩაიბურტყუნა ერთხელ კავილაძემ რომ მოტივი იყო გოგო. ეს არის მიუღებელი, რადგან ნიკოს თავისი არჩევანი განსაზღვრულად უკვე გაკეთებული ჰქონდა. ერთ ადამიანსაც ვერ დამისახელებენ, რომ მოტივი ყოფილიყო გოგო.
გამოძიება ძალიან კმაყოფილია და რომ არა ჩვენი ოჯახის მხრიდან ასეთი აქტიურობა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი გახსნილი საქმე და ალბათ ამას ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ,“ – აღნიშნა ომაძემ.
რაც შეეხება მკვლელობის საქმესთან კაკულიების ფიგურირებას, იზა ომაძემ განაცხადა:
„ეს იყო სპეციალურად შეთითხნილი და შეთხზული, ვიღაც ფიქრობდა, რომ ეს მოტივი ძალიან ადვილი ასატაცებელი იქნებოდა,“ – თქვა ომაძემ.
კითხვაზე რამ მოკლა ნიკო, იზა ომაძემ განაცხადა:
„ნიკო მოკლა თავისმა ნიჭმა, თავისმა ხედვამ და სწრაფვამ ღია და თავისუფალი სამყაროსკენ, უნდოდა, რომ თვითონ გაძღოლოდა თავის ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ,“ – აღნიშნა ნიკო კვარაცხელიას დედამ.