სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისა და ტრანსპორტირების კადრებს ასაჯაროებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.” – წერია ინფორმაციაში.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ სააკაშვილი რეანომობილში. გავრცელებული კადრების მიხედვით, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უნდა აცნობონ ოჯახს და ადვოკატებიც უნდა შევიდნენ მასთან, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ადვოკატები და ოჯახი მივა იქ, სადაც არის (რუსთავის ციხეში):
“შენ ხარ პუტინის მონა, რას ნიშნავს დავმშვიდდე, თქვენ პუტინის ბრძანებას ასრულებთ, არ დავმშვიდდები, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ნებით, ვერც ერთ მავთულს მიმიერთებთ ჩემი ნებით, ვერც ერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით, არ დავმშვიდდები! თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები, თქვენ ყველანი ხართ მკვლელები…
მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ.” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღესვე, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებიც გაასაჯაროვა.
კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.