LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ მე არ ვარ იქ… 22 წლის “ესპანელი” ქართველი მორაგბე, რომელიც მესისთან ერთად კლიპში გადაიღეს

1537
FORTUNA.GE (25)

22 წლის ასაკში იყო მორაგბე, მწვრთნელი, სპორტსმენი და ამავდროულად მსახიობი, არც თუ ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის მიღწევა სამშობლოდან მოშორებით გიწევს.

საბა ჩიგოგიძე 22 წლის ქართველი სპორტსმენია, რომელიც უკვე 9 წელია ესპანეთში ცხოვრობს და წარმატებული მორაგბეა.

 

ქართველი სპორტსმენი „ფორტუნასთან“ კარიერის პირველ ნაბიჯებს და წარმატებებს იხსენებს:

მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გადაიკვეთა თქვენი გზა რაგბის მოედანთან?

დავიბადე საქართველოში. ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, მაშინ, როდესაც ჩემი მშობლები საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდნენ. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, თუმცა გული ყოველთვის სპორტისკენ მიმიწევდა.
როცა პირველად რაგბი ვითამაშე, დაახლოებით 8 წლის ვიყავი. ასე ბავშვურად, ეზოში, მეგობარმა მითხრა, წამო რაგბი ვითამაშოთო. ეს დღე იყო და თამაში დავიწყე და მას შემდეგ დღე არ გასულა ვარჯიშის გარეშე. ეს ბავშვური გატაცება „ეზოს რაგბი“ დაახლოებით 6 თვე გრძელდებოდა. სტადიონზე დიდი ბიჭების ვარჯიშს ვუყურებდი, სულ ვინტერესდებოდი, ბევრი კითხვა მიჩნდებოდა თამაშთან და წესებთან დაკავშირებით, ამით მივიქციე მწვრთნელის ყურადღება, რომელმაც შემდეგ ბაბუაჩემს უთხრა, რომ კარგად გამომდიოდა თამაში და დაინტერესებული ვიყავი ამ სპორტით.

მაშინ, როდესაც მოყვარულის დონეზე თამაშობდი, თუ გეგონა, რომ მომავალში ამდენი მიღწევები გექნებოდა?

სიმართლე გითხრა, არა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, უბრალო გართობა მეგონა. მაშინ, როდესაც სტადიონზე ან ტელევიზორში უკვე პროფესიონალ ბიჭებს ვუყურებდი, ვერ წარმომედგინა მეც ოდესმე მათ დონემდე თუ ვითამაშებდი. ეს ყველაფერი ცოტა წარმოუდგენელი იყო.

თავიდან, როცა რაგბის თამაში დავიწყე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, განსაკუთრებით დედას ვუმალავდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ სპორტის წინააღმდეგი იქნებოდა. ვინაიდან დედისერთა ვარ, მისთვის ძნელია, უხეში თამაშის და იმ ტრამვების ყურება, რასაც სპორტი იწვევს. ასე ვითამაშე, ვივარჯიშე და დავმალე დედასთან ჩემი საქმიანობა, მანამდე სანამ ოფიციალური, გუნდის თამაშები დამეწყებოდა.

საქართველოში, „იმედის“ გუნდში დაახლოებით 4 წელი ვითამაშე. შემდეგ მომიწია საზღვარგარეთ მშობლებთან წასვლა. შორეულ ქვეყანაშიც მივხვდი, რომ ამ სპორტის გარეშე არ შეიძლებოდა. ესპანეთში სამეგობრო  მყავდა, რომლებმაც დამაკავშირეს ერთ-ერთ გუნდთან, მივედი სინჯებზე „ბარსაში“. ასაკით პატარა ვიყავი, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დიდების ჯგუფში ჩამსვეს. არ ვიცი რატომ, რა თვალით შემომხედეს, ალბათ ვარჯიში მოეწონათ. ამ გუნდში ორი ამხანაგური თამაშის შემდეგ უკვე ოფიციალურად გავხდი ნაკრების წევრი.

გაიხსენე ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი წარმატება.

18-წლიანებში არაერთხელ გავხდი კატალონიის ჩემპიონი. პირველი დიდი წარმატება 18 წლის ასაკში ვიგემე, მაშინ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში გადავედი. წინა წელს ჩვენი გუნდი ჩემპიონი გახდა, რაც უდიდესი გამარჯვება იყო თითოეული ჩვენგანისთვის.

რა არის შენთვის რაგბი?

რაგბი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ვეღარ წარმომიდგენია დღე ვარჯიშის გარეშე. რაგბი ერთდროულად ტკივილი და სიხარულია. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და ემოციური ის არის, რომ საქართველოს სახელით ვერ მოვახერხე  თამაში. როდესაც მოედანზე ქართველ ბიჭებს ვხედავ, ყოველთვის მათ გვერდით ყოფნის სურვილი მიჩნდება და მებადება კითხვა, რატომ მე არ ვარ იქ – მათ გვერდით! რატომ მე არ ვთამაშობ საქართველოს სახელით, რატომ ვარ აქ და რატომ მიწევს უცხო ქვეყნის სახელით მოედანზე გასვლა. ამ დროს ძირითადად პატრიოტიზმი მერთვება და ის ნოსტალგია, რაც სამშობლოს მიმართ გამაჩნია.

 

როგორც ვიცით რაგბის გარდა არაერთი საქმიანობით ხართ დაკავებული…

დიახ, თამაშთან ერთად 12 წლამდე ასაკის, მომავალი რაგბისტების მწვრთნელიც ვარ. მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესო და მრავლისმომცველია, მეც მათთან ერთად ვიზრდები.

ამასთან ერთად დაახლოებით 1 წელია, რაც ახალ  სპორტს დავეუფლე -„ბრძოლა წესების გარეშე“, რომელიც ასევე დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.  ასე რომ, მიწევს ერთი ვარჯიშიდან მეორეში სირბილი.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სამსახიობო მონაცემებიც გაქვთ….

ამას ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი. უბრალოდ რამდენიმე ცნობილი კომპანიიდან იყო შემოთავაზება, ვიდეორგოლში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა გადატვირთული გრაფიკიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხშირად საზღვარგარეთ ყოფნა მიწევს, რამდენჯერმე უარის თქმა მომიწია. თუმცა იყო ერთ-ერთი კომპანიის ვიდეორგოლი, სადაც მონაწილეობა არაერთ ცნობილ სპორტსმენთან ერთად მივიღე – ბრაიამ აბანა, მესი და ნეიმარი.

სამომავლო მიზანი რა არის?

ძირითადი მიზანი საბოლოოდ საქართველოს ნაკრებში თამაშია. ვფიქრობ ახლო მომავალში დავბრუნდე საქართველოში და უკვე საკუთარ სამშობლოში ვცადო თავის დამკვიდრება.