LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი დახმარებით დაძლია რვათვიანი მძიმე დეპრესია ნინი შერმადინმა: „ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი…“

3243
ნინიშერმადინი

ნინი შერმადინი უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს… გარკვეული პერიოდის წინ შეძლო, რომ ქალიშვილიც თან წაეყვანა და ახლა მარიამი უკვე დედასთან ერთად არის… სამწუხაროდ, ნინის აღარ ჰყავს საყვარელი მშობლები, მამა და დედა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში დაკარგა. დაკარგა სულიერი სიმშვიდეც და ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა, რომ ეს დიდი დანაკარგი გაეცნობიერებინა და მიეღო.

ნინი ამჟამად საქართველოშია და fortuna.ge-სთან თავისი ცხოვრების ამ ეპიზოდებზე გულწრფელად ისაუბრა.

დავიწყოთ შენი ამერიკული ცხოვრებით. როგორც ჩანს, იქაურობას კარგად მოერგე. დღეს, როდესაც საქართველოდან აშშ-ში უამრავ ადამიანს აქვს გეზი აღებული, ალბათ, შენი შეგრძნებებიც გახსენდება ათი წლის წინ, როცა სამშობლოს ტოვებდი… 

ნინი შერმადინი: 

ჩემნაირად რომ მიდიოდნენ ამერიკაში, მე რისთვისაც წავედი, ამას მივესალმები, რადგან მე აშშ-ში გავემგზავრე სასწავლებლად. 23 წლის ახალგაზრდები რომ გაემგზავრონ სხვა ქვეყანაში, ისწავლონ და შემდეგ განათლება თავის ქვეყანას მოახმარონ, ეს გადასარევი მიზანი და მიზეზია. რაც შეეხება ქვეყნიდან მასობრივ გადინებას აშშ-ში, ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. რა თქმა უნდა, იქ უამრავი ქართველი მხვდება. მე ვუხსნი ბანკში ანგარიშებს, ვცდილობ, მაქსიმალურად დავაკვალიანო და დავეხმარო. ჩემს პირად ნომერსაც ვაძლევ ხშირად, თუ რამე კითხვა ექნებათ, შეუძლიათ, დამირეკონ. როგორც მომღერალი, ადამიანი, რიგითი ემიგრანტი, ასე ვცდილობ დახმარებას, რადგან თავის დროზე მეც ასე მეხმარებოდნენ. ემიგრაციაში უფრო გვიყვარს ერთმანეთი და ეს ამოუხსნელი ფენომენია. ტკივილის შეგრძნებას მიტოვებენ ემიგრანტები – ფინანსური მდგომარეობის გამო შენი ქვეყნიდან მოწყვეტა უმძიმესია. ტოვებენ საყვარელ ადამიანებს, შვილებს, მეუღლეებს, გადიან მძიმე გზას. საბუთის გარეშე მუშაობის დაწყება არ არის ადვილი. მე რომ რაიმეს შეცვლა შემეძლოს, ყველას დავაბრუნებდი.

თავადაც დაბრუნდებოდი?

ორ წელიწადში ისედაც ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. მინდა, მარიამს დავამთავრებინო სკოლა იქ. მე უკვე მოქალაქე ვარ, ბავშვიც ამერიკის მოქალაქეა. ვფიქრობ, თავად გადაწყვეტს, დარჩეს და იქ გააგრძელოს სწავლა თუ ჩამოვიდეს. ამ არჩევანის უფლებას ჩემს შვილს აუცილებლად დავუტოვებ, თუმცა ჩემი სურვილია, განათლება იქ მიიღოს. საუკეთესო, რაც ამერიკაში არსებობს, განათლების მიღების საშუალებაა. დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და გააჩნია, როგორ განავითარებ შენს ნიჭს, ყველა შემთხვევაში მოგცემენ მიმართულებას.

შენი ნიჭი რელსებზე დააყენე?

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოვწურე ამერიკაში. მე მართლა ემიგრანტულ ცხოვრებაში ჩავები, ვერ მივუძღვენი თავი პროფესიულ განვითარებას, როგორც მომღერალმა. რა მოცემულობაც მქონდა, ცდა არ დამიკლია. ვსწავლობდი „ნოა სტუდიოში“, ერთი წელი ბროდვეიზე ვითამაშე, მთავარ როლზე ამიყვანეს მიუზიკლში, მაგრამ არ დამტკიცდა ის პროექტი. ერთი მხრივ, გულდასაწყვეტი იყო, რომ პროექტი არ დამტკიცდა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნდი. ახლა 33 წლის ვარ და არც ახლაა გვიანი. 30-ს ზევით ბავშვი არ ხარ, არც თინეიჯერი, მაგრამ არც ის ასაკია, რომ ხელი ჩაიქნიო – პირიქით, უფრო შემდგარი ხარ, ვიცი იქაური მენტალიტეტი, რას უყურებენ, რას აფასებენ. ახლა სერიოზულად ვმუშაობ ჩემი სტუდიის გახსნაზე, ბევრია მსურველი, რომ მოვიდეს და ისწავლოს. რაც შეეხება კასტინგებს, არ მოვეშვები, რადგან არასდროს იცი, სად გაგიმართლებს და როდის.

შენ გაგიმართლა იმ კუთხით, რომ აშშ-ში კარგად დასაქმდი და სტაბილური სამსახური გაქვს…

Bank Of America-ში ვმუშაობ, როგორც პერსონალური ბანკირი და ეს კარიერა საკმაო წარმატებით მიდის. მთავარია, ენა კარგად იცოდე. დამატებით კიდევ თუ იცი ენები, ესეც კარგი პლუსია. მთავარია, როგორ მოეწონები დამქირავებელს გასაუბრებაზე. ყოველ სამ თვეში ერთხელ ტარდება ტრენინგები, რითაც კვალიფიკაციას ვიმაღლებთ.

გვახსოვს შენი ემოციები, როდესაც შენს ქალიშვილს აშშ-ში ჩასვლის უფლება მიეცა. მანამდე წლები მის გარეშე გაატარე… ამ გადასახედიდან როგორ აფასებ იმ პერიოდს?

მარიამი უკვე დიდი გოგოა, 14 წლის, არის ჩემი ძალიან ახლო დაქალი. არ არის დიდი სხვაობა ასაკში. თავიდან აქაურობას მოწყვეტა ძალიან გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ვიყავი. მეგობრების დატოვება, ჩემი ძმისშვილის დატოვება, ვისთან ერთადაც გაიზარდა… თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ახლა მოსწონს, იქაც გაიჩინა მეგობრები. მღერის, თან ძალიან კარგად. ვფიქრობ, მე თუ რამე ვერ შევძელი, ჩემს შვილს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა.

მთელმა საქართველომ განიცადა შენი დედ-მამის გარდაცვალება. დღეს როგორ გრძნობ თავს? 

ალბათ, ვერასდროს შევეგუები მშობლების ასე მოკლე პერიოდში დაკარგვას. აღმოჩნდა, რომ დეპრესიული ვარ, რადგან რვა თვე ანტიდეპრესანტებს ვიღებდი. დამჭირდა ფსიქიატრი. გავხდი აბსოლუტურად შრომისუუნარო. ამერიკაში გავდიოდი კონსულტაციებს მარი მენთეშაშვილთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფსიქიატრს მეგობრული მიდგომებისთვის. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, თუ ექიმი იყო. მან დამაძლევინა ეს პერიოდი. ვერ ვხედავდი გამოსავალს. მეგონა, რომ ეს იყო დასასრული. ვერც საკუთარი თავის ფუნქციას ვეღარ ვხედავდი ამ ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი. ეს მშობლების გარდაცვალებიდან მალევე დამეწყო. როცა შევეჯახე რეალობას, რომ მშობლებს, განსაკუთრებით დედას ვეღარ დავურეკავდი… ეს ფრთების მოჭრას ჰგავდა. ბევრჯერ წავქცეულვარ, მაგრამ ეს იყო უდიდესი დარტყმა… ისევ თავად გამოვნახე ძალა საკუთარ თავში…

როდის მიხვდვი, რომ ცხოვრებას აზრი აქვს…

ამ აზრს ყოველდღე ვხედავდი ჩემი შვილის სახით. უფლება არ მქონდა, რომ ასეთი ვენახე. მას მაგალითი უნდა აეღო ჩემგან. მისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. არანაკლები ტრავმა ჰქონდა მასაც.

დღეს შენს მომავალს როგორ ხედავ, აშშ-ში თუ საქართველოში?

მინდა, ჩემი სტუდია ავამუშავო. მერე კი, რადგან დედასა და მამას ძალიან უნდოდათ, რომ მემღერა, სცენას უნდა დავუბრუნდე. დედა ბავშობიდან იყო ჩემი მოტივატორი, რომ უნდა მემღერა. ამ ოცნებას აუცილებლად შევუსრულებ. არ მაქვს უფლება, სცენიდან გავქრე. აშშ-შიც  ვაპირებ ახალი სიმღერების გაკეთებას და საქართველოშიც. ინგლისურად გამომდის ტექსტების წერა. მომავალი წლის სექტემბრისთვის მინდა, სოლოკონცერტი გავმართო, რომელსაც ჩემი მშობლების ხსოვნას მივუძღვნი.

როცა ჩავთვლი საჭიროდ და მივხვდები, რომ მზად ვარ საქართველოში დასაბრუნებლად, აუცილებლად ჩამოვალ… ჩემი გეგმები ჩემს ქვეყანას უკავშირდება, ჩემს შვილსა და ჩემს კარიერას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“