„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებს იმ 9 რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიამ გასცა.
„რაც შეეხება 9 ახალ პირობას კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციისა და მოლაპარაკების გახსნისთვის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ ზუსტად ისე შეასრულებს ამ რეკომენდაციას, როგორც შეასრულა 12 წინა რეკომენდაცია.
12-დან მხოლოდ 3 შეასრულა და ახლაც არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ დაინტერესებულია დეოლიგარქიზაციით, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეწყვეტს ანტიდასავლურ რიტორიკას და პროპაგანდას, საერთოდ, ამაზე ზის ხელისუფლება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავსებადი გახდება ევროპის საგარეო კურსთან.
არანაირ მოლოდინი არ მაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი გახდება ღარიბაშვილისგან. ეს არის პროცესის იმიტაცია და ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ ნიშნავს იმას, რომ ოთახში ვერ დაინახო სპილო, დაახლოებით, იგივე პროცესია. „ქართულ ოცნებას“ ეს არ გაუკეთებია წელიწად ნახევრის განმავლობაში და ახლა, ამ ოთხ თვეში რა გააგიჟებს?! არ არსებობს, ცრუ მოლოდინია.
„ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის რეკომენდაციების შესრულება, მათი ინტერესი არის ის, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩნენ ხელისუფლებაში და თუ აქ ევროპული დემოკრატია მოიტანეს, ხელისუფლებაში როგორ იქნება ოლიგარქიული მმართველობა?!“ – განაცხადა მანჯგალაძემ.