LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს” – პრემიერის მიმართვა სვეტიცხოვლის ამბიონიდან

66
ირაკლი ღარიბაშვილი

“მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი, რომ საქართველო გაერთანდება და საქართველო გაიმარჯვებს.” – ამის შესახებ სვეტიცხოველში, საზეიმო წირვაზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქადაგების შემდეგ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ირაკლი ღარიბაშვილი ამბიონზე მიიხმო.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, სასიხარულოა, რომ პრემიერი მსახურებაზე მიბრძანდა და სურს მათ სიტყვით მიმართოს.

პრემიერმა კი განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გადის, მაგრამ უფლის რწმენით და უფლის დახმარებით, ყველა განსაცდელს დაძლევს და ქვეყანა სამშვიდობოს გავა:

“სვეტიცხოვლობა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი, ასევე არის გამორჩეულად წმინდა. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო და სწორედ მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვები თქვა და ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი.

ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ხალხმა და დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენით და უფლის დახმარებით, ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება, ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმის, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა.” – თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები