LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ საფუძვლად, რომ სხვა პლატფორმებიც შეიქმნას, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის და აფხაზეთის

78
Untitled design (5)

„ჩვენ შევცვლით სიტუაციას მთლიანად, იმით, რომ რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილზე – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში“, – ასე მიმართა აუდიტორიას ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავისი აგრესია სწორედ ყირიმიდან დაიწყო 2014 წელს.

მისივე განცხადებით, ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს პლაცდარმად ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, რათა მოხდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დნესტრისპირეთის და აფხაზეთის დეოკუპაციაც:

„მშვიდობა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვისწრაფვით და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა დონეზე. ის, რაც ჩვენ ყველამ დავკარგეთ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი გიჟური აგრესია, ეს დაიწყო ყირიმით.

ოკუპაციის წლების შემდეგ, ყირიმის რეინტეგრაცია ადვილი არ იქნება, მაგრამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენც შევძლებთ ამის უზრუნველყოფას. ჩვენ შევცვლით სიტუაციას მთლიანად…

ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება, რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი მიმდინარეობს, ყირიმში ირღვევა საერთაშორისო კანონი. ყირიმის მოსახლეობას რუსეთი ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ოკუპანტები ჩადიან ათასობით დანაშაულს ყირიმის ტერიტორიაზე…

ჩვენი დროშის ყირიმში დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და ყირიმში მცხოვრები ხალხის თავისუფლებას.

ჩვენ სამი რამ გვჭირდება ამ რთულ დროს. გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები. სწორედ ამას გთხოვთ. გააძლიერეთ ძალისხმევა. ეს არის სამომავლო მშვიდობის საფუძველი, როდესაც ჩვენ ლეგიტიმურ საზღვრებს დავუბრუნდებით, მათ შორის ყირიმში, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი გამოცდილება უსაფრთხოების, სამართლის, ეკონომიკური, სოციალური განვითარებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, რომ ყირიმი იქცეს ისეთ ადგილად, სადაც ნორმალური ცხოვრება შეიძლება.

მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შემდეგ. ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის.

მომეცით პირობა, რომ აუცილებლად ესტუმრებით გათავისუფლებულ ყირიმს“, – განაცხადა ზელენსკიმ.