LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგჯერ რეჟისორები თავსატეხებს სთავაზობენ მაყურებელს – ხუთი საუკეთესო კინორებუსი

309
#სტუმრადვარსკვლავთან

რა თქმა უნდა, კინო პირველ რიგში დასვენების და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ზოგჯერ რეჟისორები ისეთ თავსატეხებს სთავაზობენ მაყურებელს, რომელთა ამოხსნა გონებრივი შესაძლებლობების სრულ მობილიზაციას და ინტელექტის მაქსიმალურ დატვირთვას მოითხოვს.

“დაწყევლილთა კუნძული” (Shutter Island, 2010) – “განდგომილებისთვის”მიღებული “ოსკარის” შემდეგ განგსტერული კინოს კლასიკოსმა მარტინ სკორსეზემ  ოთხწლიანი შვებულებით ისარგებლა, მერე კი საკუთარი შემოქმედების ყველაზე უჩვეულო ფილმი – პირქუში ფსიქოლოგიური ტრილერი “დაწყევლილთა კუნძული” გადაიღო. პროდიუსერების უიმედო პროგნოზის მიუხედავად, დენის ლიჰეინის რომანის მიხედვით დადგმულმა ფილმმა, რომელიც ავტორმა იტალიაში, კუნძულ პოვეგლიას ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსმენილი ისტორიის მოტივებზე შექმნა, სრულად გაამართლა და არა მხოლოდ 41 მილიონი დოლარი მოაგროვა საპრემიერო უიქ-ენდზე, არამედ სკორსეზეს  ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

“დასაწყისი” (Inception, 2010) – “ეკრანულ რებუსებზე” საუბრისას, პირველ რიგში კრისტოფერ ნოლანის ნამუშევრები, მათ შორის ფანტასტიკური ტრილერი “დასაწყისი” იგულისხმება, რომელსაც მართალია, კომიქსის მარტივი სიუჟეტი დაედო საფუძვლად, მაგრამ უჩვეულო ხედვისა და ინდივიდუალური სტილის წყალობით, ნოლანმა მაინც შეძლო ბანალური ისტორიისგან საინტერესო კინონაწარმოების შექმნა. რა თქმა უნდა, ფილმის წარმატება მეტწილად არაჩვეულებრივად განხორციელებულმა სპეცეფექტებმა განსაზღვრეს, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა მსახიობთა დასმაც ლეონარდო დი კაპრიოს, მარიონ კოტიარის, ელენ პეიჯისა და ტომ ჰარდის შემადგენლობით.

“ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია” (The Curious Case of Benjamin Button, 2008) – მართალია, დევიდ ფინჩერის ფილმს ფრენსის სკოტ ფიტცჯერალდის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური მოთხრობა დაედო საფუძვლად, მაგრამ რეჟისორმა თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი დეტალებით, სპეცეფექტებით გაამდიდრა საკუთარი ნამუშევარი და ნოვატორულად, მეტად ორიგინალური ისტორიით შეახსენა მაყურებელს მარადიული ფასეულობები და ყოველთვის აქტუალური თემა – ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა.

“ტყუილის ილუზია” (Now You See Me, 2013) – ახალგაზრდა ავანტიურისტების ერთი შეხედვით მარტივი ისტორია, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იძაბება, სულ უფრო დინამიური ხდება და მოულოდნელად სრულდება. საინტერესოდ და სრულიად ახლებურად ასახავს რეჟისორი ლუი ლეტერიე ილუზიონისტთა ჯგუფს – მოხერხებულ სუპერგმირებს, რომლებიც არა მხოლოდ თავშესაქცევ სანახაობას სთავაზობენ პუბლიკას, არამედ თვითონაც მახეში ებმებიან და თავისდაუნებურად  შურისმაძიებლები ხდებიან.  სხვათა შორის, როლისთვის მზადებისას ვუდი ჰარელსონმა ჰიპნოზისა და  მანიპულირების ტექნიკის მთელი კურსი გაიარა, აილა ფიშერმა კი, დოკუმენტური ფილმებით შეისწავლა ცნობილი ილუზიონისტების მუშაობის მეთოდები.

“ბრწყინვალე გონება” (A Beautiful Mind, 2001) – ბიოგრაფიული დრამა “ბრწყინვალე გონება” ცნობილი მათემატიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონ ნეშის ისტორიაა, რომელსაც ყველა გენიოსად მიიჩნევდა და არავინ იცოდა, რომ მეცნიერი შიზოფრენიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. მართალია, ფილმი ბიოგრაფიულია, მაგრამ ზოგიერთი ეპიზოდები მათემატიკოსის ცხოვრებიდან მაინც შეგნებულადაა გამოტოვებული. მაგალითად, ჯონ  ნეში, რომელიც ფილმში ქალბატონების სიმპათიით სარგებლობს, სინამდვილეში ბისექსუალი იყო,  ნობელის პრემიით კი, არა ინდივიდუალურად, არამედ კოლეგებთან  რეინჰარდ სელტენთან და იანოშ ჰარსანისთან ერთად დაჯილდოვდა. სხვათა შორის, ნეში თავადაც მონაწილეობდა ფილმის გადაღებაში არა მხოლოდ რასელ კროუს გაუწია კონსულტაცია, არამედ კამოე–როლიც შეასრულა ფილმის ფინალში.