LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 მარტს, რა შედეგით ჩავა პრემიერი ბრიუსელში და რა არ წერია “ნამახვანჰესის” ხელშეკრულებაში – “კვირის თემის” პოდკასტი

5
ნინი ხუგაშვილი ფორტუნა
  • ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, შედგება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება?
  • ოპოზიციამ პროტესტის ფორმა შეცვალა და ხელისუფლებას დიალოგისთვის 10 დღიანი ვადა მისცა – რა შედეგს შეიძლება ველოდოთ ბრიუსელში 16 მარტის ვიზიტამდე?
  • რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხერა წერია ხელშეკრულებაში ? რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

 

კვირის მთავარ თემებზე რადიო ფორტუნას ეთერში, სტუმრად ნინი ხუგაშვილთან საუბრობენ:

ვახტანგ ძაბირაძე – კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი

ლადო ბოჟაძე – ანალიტიკოსი

თათული ჭუბაბრია – EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

 

16-მდე დიდ შეთანხმებას არ ველოდები, შესაძლოა, მელია გამოუშვან პატიმრობიდან

ევროპელმა სტუმარმა გასულ კვირას შეძლო და პრეზიდენტის სასახლეში ერთ მაგიდასთან დასვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კრიზისის აღმოსაფხვრელად ორკვირიანი ვადა მისცა. რაზე შეიძლება შეთანხმდეს პოზიცია და ოპოზიცია – ამ თემაზე კონსტიტუციონალისტმა და პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ ყველაფერის მოგვარებას, არავინ ელის. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, როდესაც დიალოგის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ნდობის აღდგენაა საჭირო.

გადაცემის წამყვანის ნინი ხუგაშვილის კითხვაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდეს პოზიცია და ოპოზიცია, ექსპერტი საპასუხოდ ამბობს, რომ დიდი შეთანხმების მოლოდინი არ აქვს, თუმცა ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი შესაძლოა, მელიას თემაზე შედგეს.

„16 რიცხვამდე არ ველოდები, რომ რაღაც დიდი შეთანხმება მოხდება. თუ ყველა თემას გაივლიან, ყველაზე გადაწყვეტადი საკითხი არის საარჩევნო სისტემა და მისი მოგვარება. დანარჩენი თემების მოგვარებამდე ნელნელა უნდა მივიდნენ. მგონია, რომ პლებისციტს იქით ხელისუფლება არ წავა და არ დათმობს.

მელიას თემაზე, შეიძლება იყოს კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან. შესაძლოა, რაღაც ფორმა მოიძებნოს იურიდიულადაც და სამართლებრივად გამართლებული და მელია პატიმრობიდან გამოუშვან.

ალბათ, ხელისუფლება შეეცდება, ეს ნაბიჯი არ წარმოაჩინოს ისე, როგორც რაღაც შეეშალა, მაგრამ ვინ რას დაიჯერებს, ეს სხვა თემაა. მე რომ მკითხოს კაცმა, შეეშალათ. დანარჩენებს, ამ თემაზე რა პასუხი ექნებათ, არ ვიცი“ – განაცხადა ექსპერტმა „ფორტუნას“ გადაცემაში  „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

ვინ არის შარლ მიშელი, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების შესარიგებლად ჩამოვიდა

მიშელი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი რეკორდი მოხსნა და 600 დღე მთავრობის გარეშე იყო

რაც შეეხება შარლ მიშელის ვიზიტს, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი იმის დასტური იყო, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს პრობლემები მეორეხარისხოვანი არ არის. ამასთან, პოლიტიკოლოგი სამწუხარო რეალობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ “პარტნიორების გარეშე ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით”.

“მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორული მდგომარეობიდან პარტნიორი ქვეყნები გადავიდნენ ახალ ფუნქციაზე, რასაც მედიაცია ჰქვია და რაც უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული პრობლემები არ არის მეორეხარისხოვანი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის და ისინი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული, რომ საქართველოში  პრობლემები მოგვარდეს და გადაიჭრას. მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრისადმი დამოკიდებულება უფრო მომთხოვნი და კატეგორიული უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც იყო ფასილიტაციის პერიოდში. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა არც პოლიტიკური ელიტისა და არც საზოგადოებისა, არ არის იმ დონეზე, რომ ჩვენით შევძლოთ ლაპარაკი”. – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დანაბარების შემდეგ ოპოზიციამ დღის წესრიგი შეცვალა. აქციების ნაწილი დროებით გადადო, ნაწილს კი ფორმა შეუცვალა. ახალა პოლიტიკური სპექტრი დიალოგის მორგი რაუნდის გამართვას ელოდება.

სახელისუფლებო გუნდმა და მათმა ოპონენტებმა, დაძაბული ვითარების განმუხტვა და შეთანხმება ორ კვირაში უნდა შეძლონ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის ვიზიტის მთავარი გზავნილები

 

 

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში რიგგარეშე არჩევნების თარიღით თუ არ ჩავა, ვინმე უსაყვედურებს, ძალიან ცდება: ლადო ბოჟაძე

 

ევროპელმა სტუმარმა გასულ კვირას შეძლო და პრეზიდენტის სასახლეში ერთ მაგიდასთან დასვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთან, შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კრიზისის აღმოსაფხვრელად ორკვირიანი ვადა მისცა.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს 16 მარტამდე, რა შეთანხმებას მიაღწევენ დაპირისპირებული მხარეები  – ამ თემებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა.

ლადო ბოჟაძის შეფასებით, საქართველოს არასოდეს აკლდა დასავლეთის ყურადღება, თუმცა მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი  განსაკუთრებული იყო. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ფაქტი, რომ შეხვედრაზე მიწვეული იყო მხოლოდ ის ცხრა საარჩევნო სუბიექტი, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი და მთელი მსოფლიო აღიარებს არჩევნების შედეგებს.

ვინ არის შარლ მიშელი, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების შესარიგებლად ჩამოვიდა

მიშელი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი რეკორდი მოხსნა და 600 დღე მთავრობის გარეშე იყო

„თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს იმ ექვს საკითხს, რომელზედაც შეთანხმდნენ, რომ შეთანმდებიან, ნაწილის პროცესი უკვე დაწყებულია. თუნდაც რიგგარეშე არჩევნებს არ სჭირდება არანაირი დიალოგი. საჭიროა დამტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა და გვექნება რიგგარეშე არჩევნები“– აღნიშნა ბოჟაძემ.

რაც შეეხება შეთანხმების მზაობას, ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მოლაპარაკებებში წითელი ხაზი ერთი საკითხია.

„რიგგარეშე არჩევნები ორივე მხარისთვის არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ვერ გადაუხვევენ. ერთის მხრივ ხელისუფლებას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია კი იმეორებს, რომ პარლამენტში იმიტომ არ შევა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ რიგგარეშე არჩევნები ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, მაშინ ეს თემა საერთოდ უნდა დავივიწყოთ“.– ამბობს ბოჟაძე.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე – რა შედეგით შეიძლება ჩავიდეს პრემიერი ბრიუსელში 16 მარტს, ანალიტიკოსი ასე პასუხობს:

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში რიგგარეშე არჩევნების თარიღით თუ არ ჩავა, ვინმე უსაყვედურებს, ძალიან ცდება. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ევროპას, იმაზე თუ რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავახლოვებოდით ევროკავშირს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი თუ შედგება, ძალიან კარგი იქნება და თუ არ შედგება, დასავლელი პარტნიორები არ მოიკითხავენ, ეს რის გამო მოხდა, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის“. – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

ის თანხა, რასაც საწვავში ხარჯავენ აქციებზე, გირაოსთვის რომ გადაიხადონ, დღესვე ჩაეხუტება მელია ოჯახის წევრებს 

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კრიზისის აღმოსაფხვრელად ორკვირიანი ვადა მისცა. მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან ექვსპუნქტიანი გეგმა დევს. მმართველი გუნდი 6-დან ერთზე – რიგგარეშე არჩევნებზე, პირდაპირ ამბობს, რომ ეს საკითხი „წითელი ხაზია“. კიდევ ერთ პუნქტს კი შესრულებულად მიიჩნევს, თუკი ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს 16 მარტამდე და რა შეთანხმებას მიაღწევენ დაპირისპირებული მხარეები  – ამ თემებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლეში შემუშავებული ექვსი პუნქტი, ყველამ სათავისოდ წაიკითხა. ლადო ბოჟაძის თქმით, რაც მათთვის მისაღები არ იყო, ის პუნქტები დაივიწყეს და საუბრობენ იმ თემებზე, რომელიც მათთვის მისაღებია.

ლადო ბოჟაძე ვარაუდობს, რომ 16 მარტამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდება.

„ნიკა მელიას საკითხი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია.

გაუგებარია, რატომ არ გადაიხადა ადამიანმა გირაო და რატომ ზის ციხეში.

მეორე მხრივ თუ მომხმრეებს ნიკა მელიას გათავისუფლება უნდათ, რასაც საწვავში და სიგნალებში ხარჯავენ მის მხარდამჭერ აქციებზე ის თანხა, რომ გირაოსთვის გადაიხადონ, ნიკა მელია, დღესვე ჩაეხუტება თავის ოჯახის წევრებს“- განაცხადა ბოჟაძემ „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

სახელმწიფოს “ნამახვანჰესის” მშენებარე კომპანიისთვის კვლევების ჩატარება არ მოუთხოვია

 

“ნამახვანჰესის” ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“ EMC-ის (“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ისაუბრა.

 

 

ჭუბაბრია განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს არაერთი სახის ზიანი.

„ხელშეკრულებიდან გავიგეთ, რომ საქართველომ, ამ პროექტის შესასრულებლად  საბიუჯეტო ვალდებულებები იტვირთა.  სახელმწიფომ ასევე გადაწყვიტა, რომ გადააზღვიოს კომპანიის ბიზნესრისკებიც და შედის ხელშეკრულებაში, სადაც  საკომპესაციო პირობები არათანაბრად არის გადანაწილებული.  სახელმწიფო გადაიხდის არაერთი სახის ზიანს, რომელიც შეიძლება კომპანიამ  ნახოს საქართველოში ოპერირებისას“ , – ამბობს ჭუბაბრია.

მისივე განმარტებით, კომპანიას ექნება შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე. კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს კი მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.

„ხელშეკრულება ძალიან  კონკრეტულად საუბრობს მიწის რესურსზე, წყლის რესურსზე, სხვა ბუნებრივ წიაღისეულზე, რომელზეც კომპანიას აქვს პრეტენზიები. კომპანია ძალიან ცხადად საზღვრავს თავისი ინტერესების ფარგლებს. ის კონკრეტულად უსაზღვრავს კომპენსირებას ჩვენს ქვეყანას, მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპანიის დავალდებულებისა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პირობით შეწყდება  ხელშეკრულება. იქიდან გამომდინარე, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია დადგება, კომპანიას სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ტიპის ვალდებულება არ აქვს.  ჩვენ რესურსს შესაბამისი გადასახადისა და მოსაკრებლის გარეშე ვაძლევთ.

ჩვენ ვიცით, რომ დავაზღვიეთ კომპანიის რისკები და რომ მისთვის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. ქვეყანაში რეგულირების სფერო თუ გაიზრდება, შეიძლება ხარჯი გაეზარდოს კომპანიას. ყველაფერი ეს განჭვრეტად გარემოებად დასახა კომპანიამ და დააზღვია ხარჯების რისკები. ასეთ შემთხვევაში ის მოითხოვს ხელშეკრულების გადახედვას და ის მოითხოვს არაპირდაპირი დანაკარგების  კომპენსირებას. ასევე საუბარია კომპანიის სხვა კონტრაქტორებზეც, რომლებიც ასევე  უნდა კომპენსირდნენ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ზიანი მიადგება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განმარტავს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

საპროტესტო აქცია ქუთაისში “ნამახვანჰესის” წინაღმდეგ

 

კითხვაზე, რა პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს სახელმწიფო ხელშეკრულებით. რამდენად ითხოვს კვლევებს, თათული ჭუბაბრია პასუხობს:

„სწორედაც ეს გარემოებაა ყველაზე შემაშფოთებელი. ხელშეკრულებაში  წერია, რომ ნებართვები, რომელიც კომპანიას დასჭირდება, სახელმწიფოსგან ექნება. პირველად 2019 წელს მათ გააფორმეს ხელშეკრულება პირობებზე და შემდეგ მას მოჰყვა საპროექტო განაცხადი და შესაბამისი ნებართვები. ხელშეკრულებით  კომპანიამ დააზღვია, რომ მას პრობლემები არ შეექმნებოდა ადგილზე ნებართვების მოპოვებაზე. დღეს უკვე ცხადია, რატომ ხდება ისე, რომ დავა მიმდინარეობს სასამართლოში  და სახელმწიფოს  გადასროლილი ჰყავს პოლიცია იქითკენ, რომ კომპანიამ შეუფერხებლად შეეძლოს სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დავაა, სასამართლო მოსმენაც კი არ ჩანიშნულა შეტანილ სარჩელზე.

აქედან ჩანს, რომ სახელმწიფოს რაიმე კვლევის ჩატარების მოთხოვნა არ ექნებოდა. საპროექტო დამაჯერებლობისთის „იქმნებოდა დამაჯერებელი ნაბიჯები“, რასაც მერე და მერე დააწევდნენ პროექტს.  ვიცით, რომ  2020 წლის პანდემიის დროს გაიცა პირობიანი სამშენებლო ნებართვა, ეს ნიშნავს, რომ ნებართვაში პირობა არის ჩადებული, რომ კომპანია წარმოადგენს მომავალში გარკვეული ტიპის დასაბუთებებსა და კვლევებს“, – ამბობს თათული ჭუბაბრია „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა. 

ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტი მოიპოვა და გამოაქვეყნა.

EMC-მ შეისწავლა ეს ხელშეკრულება და ამ დოკუმენტში შეთანხმების შინაარსს კრიტიკულად განიხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები