LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოდგა, ამას მოწმობს ის სტატისტიკური მონაცემები, რომლითაც ქვეყანამ ახალ-ახალი რეკორდები დაამყარა – გიგა თვაური

19
ipiccy-image (1)

2021 წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოდგა. ამ ყველაფერს მოწმობს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელითაც ქვეყანამ ახალი-ახალი რეკორდები დაამყარა, – ამის შესახებ ფინანსისტმა და ეკონომისტმა გიგა თვაურმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში განაცხადა. მან გადაცემაში ვრცლად ისაუბრა 2021 წლის მთავარ ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენებზე და სამომავლო პროგნოზებიც გააკეთა.

– რითი იყო გამორჩეული 2021 წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის – რა არის ის მთავარი ეკონომიკური და ბიზნეს მოვლენები, რომლებიც წელს მოხდა?

2021 წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოდგა. ამ ყველაფერს მოწმობს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელითაც ქვეყანამ ახალი-ახალი რეკორდები დაამყარა. ეს რეკორდები მიმდინარე წელს, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ. რამდენიმე ისეთ რიცხვს მოგიყვანთ, რაც შეჯამებაში დაგვეხმარება: განსაკუთრებული იყო ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მე უფრო აღდგენას ვუწოდებ – ამ მაჩვენებლემა 2021 წლის მეორე კვარტალში 28,9% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, რა მონაცემებიც გვაქვს ახლა, დაახლოებით, 3,4%-იანი ზრდა გვაქვს. რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა საქსტატმა, რომ ნოემბერში მშპ-ს ზრდა 12%-იანია, ხოლო, 11 თვის ჯამური მონაცემები გამოდის 10.7 %. აუცილებლად უნდა შევეხოთ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს – სულ იანვარ-ნოემბერში 12,8 მლდ დოლარის ბრუნვა მოხვდა, რაც 2020 წელზე 25,1 %-ით მეტია. მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტიც და იმპორტიც.

უნდა შევეხოთ დასაქმების დონესაც – 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და დასაქმების დონემ 42.5% შეადგინა მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დასაქმების დონე 41.8% იყო. თუმცა, ეს მონაცემები დამაიმედებელ შედეგებს ვერ გვაძლევს მაინც, რადგან უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალია. 2021 წლის პირველ კვარტალში მან თითქმის 22% შეადინა, მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 22.1% იყო, მესამეში – 19.5%. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში უმუშევრობის ბუნებრივ დონედ 3-დან 5%-ამდე ითვლება – მაშინ, ზედმეტი სიტყვების გამოყენება სიტუაციის აღსაწერად აღარ არის საჭირო.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო – პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2021 წლის პირველ 9 თვეში, მივიღეთ 728 მლნ დოლარი, საიდანაც 84% არის რეინვესტირება და ეს არის ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ 115.4 მლნ დოლარი არის, სამი კვარტლის ჯამში, ახალი ინვესტიციები. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც არის არადივერსიფიცირებული იმიტომ, რომ ფული ძირითადად 3 სექტორში ჩაიდო: საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასახავს. წელს მთავარ ბიზნესმოვლენად აუცილებლად ნამახვანჰესის პროექტი და „ენკა“ უნდა მოვიყვანოთ. ძალიან დიდი სკანდალი, საზოგადოების აღშფოთება. პროექტი გაურკვეველ სიტუაციაშია, გარდა ამისა, 14-ამდე საქმე არის აღძრული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში. „ენკას“ ჯერ არ შეუტანია სარჩელი, მაგრამ თუ შეიტანს 2022 წლისთვის კიდევ უფრო გაგვიუარესებს საერთაშორისო რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებასაც უნდა ვპროგნოზირებდეთ. ამ ყველაფერმა ბიზნესგარემო ერთი ნაბიჯით უკან დახია. ინვესტიციებს ცოტა უფრო დიდ ჭრილშიც რომ შევხედოთ, გვაქვს ჩავარდნილი ანაკლიის პროქტიც, რომელსაც ასევე უყურებენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და სამომავლო ინვესტორები, რომლებსაც უჭირთ უკვე გადაწყვეტილების მიღება, ჩადონ თუ არა ინვესტიცია საქართველოში.

უნდა ვახსენოთ ინფლაციაც.. ბიზნესგარემოს როცა სწავლობს ინვესტორი, აუცილებლად ამ შიდა მონაცემებსაც უყურებს. ნოემბერში გვქონდა 12.5% და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეროვნული ბანკის მიზნობრივი დონე იყო მხოლოდ და მხოლოდ 3%.  ამასთან, ინფლაციასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაინც და მაინც დამაიმედებელი პროგნოზი ვერ გააკეთა და მარტის თვემდე ივარაუდა ინფლაციის მაღალი დონე.

– პირადად თქვენ რა მოლოდინები გაქვთ 2022 წლისთვის ლარის კურსთან და ინფლაციასთან მიმართებით?

ლარის კურსი წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია და ეს სტაბილურობა, ჩემი აზრით, კიდევ გასტანს. ინფალციასთან დაკავშირებით კი, როგორც უკვე აღვნიშნე, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა, მთავრობას სწორი ეკონომიკური რეფორმებით და ნაბიჯებით ამ ყველაფრის გამოსწორება ნამდვილად შეუძლია.

– გლობალურ ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენებსაც რომ გადავხედოთ – წელს რა დაგამახსოვრდა, დანარჩენი მსოფლიოსთვის რითი იყო ეს წელი განსაკუთრებული?

განსაკუთრებულს ვერ ვუწოდებ ვერც წინა წელს, ვერც 2021 წელს და ვერც მომავალ წელს იმიტომ, რომ პანდემიის გამო ძალიან ბევრი დიდი პროექტი ჩავარდნილია. მაგალითად, აშშ-ში “ეფლი” თავის მაღაზიებს ხურავს. როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამი ხასიათდება ნაკლები სიკვდილიანობით, თუმცა ეს ბოლომდე დადგენილი არ არის – ამიტომ, გლობალური ეკონომიკური მოვლენები ისევ და ისევ პანდემიის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს გლობალური ეკონომიკა 100 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც კარგი მაჩვენებლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g