პირველ თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მომღერალი და ახალი გადაცემის ,,ღამის პრაიმ-თაიმის” წამყვანი ზურა ხაჩიძე სტუმრობდა, რომელმაც პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე ისაუბრა.
– ზურა, გუშინ შენი ტელედებიუტი შედგა, რადგან პირველად გავიდა ეთერში გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი“,
– დიახ, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ „ღამის პრაიმ-თაიმი“ ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში. გადაცემას ექვსი განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელი წაიყვანს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოწვევაა, რადგან ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მანამდე არასდროს მქონია გადაცემა და არ მეგონა, თუ ოდესმე ტელეწამყვანის ამპლუაში გამოვჩნდებოდი. დარწმუნებული ვარ, საინტერესო გადაცემა გამოვა, რადგან ბევრ აქტუალური თემის განვიხილავათ ვგეგმავთ. უამრავი შეკითხვა დაგროვდა, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს და სწორედ ჩვენი გადაცემა გახდება საზოგადოებრივი წუხილის ერთგვარ გამხმოვანებლად.

– როგორ შეხვდით წამყვანობის შემოთავაზებას და პირველს ვის გაუზიარეთ ახალი ამბავი?
– პირველ რიგში, ხათუნას და ანასტასიას ვკითხე აზრი, რადგან ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. თვითონაც ბევრი ვიფიქრე, რადგან არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ახალი საქმის შეთავსებას ისეთი საპასუხისმგებლო სამუშაოსთან, როგორიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეობაა. თუმცა, გადაცემის პროდიუსერებმა მაია სტეფნაძემ და თაკო ფხაკაძემ დამარწმუნეს, რომ ყველანაირად შემიწყობდნენ ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაცემა არ იქნება მხოლოდ სტუდიური და რეგიონებშიც ხშირად გავა, ყველა რეგიონის მოსახლეობის შეხედულებას მოვისმენთ, გავეცნობით ადგილობრივთა წინსვლას და წარმატებას, თუმცა პოზიტიური ამბების თხრობასთან ერთად საზოგადოების აქტუალურ პრობლემებსაც აქტიურად განვიხილავთ. სწორედ საკუთარი აზრის გაზიარებისა და განსხვავებულ თემებზე მსჯელობისთვის შეიქმნა ჩვენი გადაცემა და სწორედ საკუთარი პოზიციის გულწრფელად დაფიქსირების ხათრით დავთანხმდი პროექტში მონაწილეობას. მიხარია, რომ არავინ მოითხოვს ჩვენგან ჟურნალისტობას, თამამად შეგვიძლია იმპროვიზირება და ბუნებრიობის შენარჩუნება.
– რამდენად დიდია ხათუნას წვლილი თქვენს წარმატებაში?
– რა თქმა უნდა, უზარმაზარი და ფასდაუდებელია, რადგან 20 წელზე მეტია ერთად ვართ. ხათუნა არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და სწორედ ეს მხიბლავს მასში. ის ჩემზე ლაღი და უკომპლექსოა, თავისუფლად აზროვნებს და ყოველთვის თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი. ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ და ერთად შევძელით მისი მძიმე ავადმყოფობის დამარცხება. ვფიქრობ, ხათუნას მაგალითი ბევრისთვის გახდება სტიმული და ერთგვარი მოტივაცია. მართალია, უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა, მაგრამ მაინც მოვნახეთ საკუთარ თავში ძალა ვერაგი ავადმყოფობის დასამარცხებლად. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ნინის თანადგომა, რომელიც ძალიან დაეხმარა დედას და ზოგჯერ იძულებითაც ასრულებიდებდა უკვე მობეზრებულ, მტანჯველ პროცედურებს. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მეორედ გვაჩუქა ხათუნას სიცოცხლე, რადგან მართლაც თავიდან დაიბადა.

– როგორ მიიღეთ ნინის დაოჯახება?
– რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ. მეც და ხათუნამაც თავიდანვე გავიზიარეთ მისი გადაწყვეტილება, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ბედნიერია. მისი მეუღლე კარგი და წესიერი ადამიანია. გაცნობისთანავე დადებითად განვეწყვე მის მიმართ და ახლა კარგი მეგობრები ვართ. ვფიქრობ, მთავარი ნინის ბედნიერებაა და კმაყოფილი ვარ, რომ სწორედ თაზო აღმოჩნდა ის მამაკაცი, ვისაც საკუთარი ბედი დაუკავშირა.
– საკმაოდ რთულია პოლიტიკოსობა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მანამდე სულ სხვა საქმით იყავი დაკავებული. რამდენად ახერხებთ მუსიკის და პოლიტიკის შეთავსებას?
– მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 15 წლის ვიყავი, როცა ჯგუფი შევქმენი. ერთხელ ჩემმა მეგობარმა შენიშნა, „ვისაც 90-იან წლებში „ქუჩის ბიჭების“ და „სახის“ პოსტერი არ ჰქონდა ოთახში გაკრული გოიმი იყოო“. მართლა ასე იყო, ქართველმა შემსრულებლებმა წარმატებით ჩავანაცვლეთ რუსი მომღერლები. რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა დაგვჭირდა, მაგრამ მონდომებამ გაამართლა. „ქუჩის ბიჭებსა“ და მუსიკაზე საუბრისას არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა და მადლიერება არ გამოვთქვა რადიოჰოლდინგის „ფორტუნას“ მიმართ, რადგან მართლაც დიდ როლს ასრულებთ ქართული მუსიკის განვითარებაში. სამწუხაროდ, პანდემიამ მუსიკოსები ძალიან შეგზღუდა, ნაკლებად იწერება ახალი სიმღერები და ეწყობა კონცერტები, ამიტომ სიამოვნებით მოვსინჯე გუბერნატორის მოადგილის პოსტი. მიხარია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს არაჩვეულებრივი გუბერნატორი ჰყავს, 2007 წლიდან ჩართული ვარ პოლიტიკაში და კარგად ვიცი ჩემი რეგიონის პრობლემები. ნამდვილად არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში მართლაც ძალიან ბევრი გაკეთდა – დაიგო გზები, აღდგენილ იქნა კულტურულ ძეგლები და მოგვარდა სოციალური პრობლემები.
– ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველთვის დიდი ყურადღებით უსმენ და ეცნობი ადამიანების პრობლემებს,
– არცერთ შეტყობინებას არ ვტოვებ, არც ტელეფონზე, არც სოციალურ ქსელში. მაქსიმალურად ვცდილობ გავეცნო და მოვაგვარო სხვათა პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას და საჯარო მოხელეებს ესმით ხალხის ხმა და წუხილი. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ არასდროს გავურბივართ და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ მათ მოგვარებას.
