LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალოე მედიცინაში: როდის ფასობს და როდის არ შეიძლება მისი გამოყენება

36
ალოე

სამხრეთ აფრიკის შვილი, ერთ-ერთი მკურნალი მცენარე ალოე, რამდენიმე სახის არსებობს: ხისებრი, ნამდვილი და ეკლიანი ალოე. აჭარაში ასევე კულტივირებულია ზოლიანი ალოე. ჩვენში იგი ოთახის კულტურას წარმოადგენს. მედიცინაში ყველა მათგანს აქვს გამოყენება. ალოეს ფოთლის უჯრედები მდიდარია ლორწოებით, მისი წვენი კი მშრალი სახით დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს სამედიცინო პრაქტიკაში. მშრალი წვენი იგივე საბური თავის მხრივ შეიცავს გლიკოზიდებს, ფისებს, ვიტამინებს, ფერმენტებსა და მცირე რაოდენობით ეთერზეთებს. საბურისაგან ამზადებენ ნაყენს და მშრალ ექსტრაქტებს, რომელთა მცირე რაოდენობაც კი საჭმლის მომნელებელ სისტემას აწესრიგებს და მადას ამაღლებს. ალოეს სამკურნალო თვისებები ჩვ.წთ.აღ-მდე 3300 წლიდან არის ცნობილი. აი, ფოთლების წვენი საბური, სწორედ უძველესი დროიდან შედიოდა სიცოცხლის ელექსირის შემადგენლობაში.

მედიცინაში ასევე ფასობს ფოთლებიდან ახალგამოწურული წვენი, რომელსაც 20 %-იან სპირტთან შეზავებით აკონსერვებენ. კონსერვირებული ახალი წვენი ბაქტერიოციდულია და საფენების სახით იყენებენ ჩირქიან ჭრილობებზე. ალოეს ფოთლებიდან კი ამზადებენ ბიოგენურ პრეპარატებს, რომლებიც ექსტრაქტების სახით გამოიყენება ინიექციისთვის. ალოეს ექსტრაქტი ამპულებში დამცველი ფუნქციების უნარს ამჟღავნებს, განსაკუთრებით სხივური თერაპიისას. მედიცინაში ალოეს პრეპარატები ზოგადად ქრონიკული გასტრიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, მადის დაქვეითების, ტროპიკული წყლულების, დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობების და თვალის ჩიქოვანი ანთების დროს გამოიყენება.


ალოეს პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო, დამწვრობის, ანტიბაქტერიული, ნაღვლმდენი, მადის აღმძვრელი, ჭრილობების შემახორცებელი, აღდგენითი პროცესების გამაძლიერებელი, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი და ორგანიზმის იმუნიტეტის ამამაღლებელი მოქმედებით გამოირჩევა. ალოეს პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, რათა სისხლდენა არ გაძლიერდეს. აგრეთვე არ შეიძლება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, მენსტრუაციისა და ფაღარათის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები