LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არტისტი არის პროფესია და დღეს მთელი სფერო შემოსავლისა და მაყურებლის ტაშის გარეშეა დარჩენილი“ – თეონა ჯორბენაძე და მინდია დავითაძე გადაცემაში ,,არტ-Fm”

33
natiajorbenadze202123

გადაცემის ლაივი LIVE

2 თებერვალს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კონცეპტ-არტის დამფუძნებელი, პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავჯდომარე, მინდია დავითაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ სოციალურ-კულტურულ პროექტზე  –„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ისაუბრეს.

– თეონა,  „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან თავისუფლად შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, შენს ეზოში გამართოს კონცერტი ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით…

– ვამაყობთ, რომ 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ასე ორიგინალურად გახსნა სეზონი. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი მხატვარი კი ვანო ჭელიძე. მიხარია, რომ საერთაშორისო მედიის გამოხმაურება დავიმსახურეთ და ძალიან თბილი, ჩემთვის გულისამაჩუყებელი პოსტი დაწერა იტალიის საელჩომ, როცა ოთარ ჯორჯიკიას არია მოისმინა პუჩინის ოპერიდან, რაც იტალიური მუსიკის ერთგვარ პოპულარიზაციად იქცა. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი აღმოაჩნდა გიორგი ცაგარელსაც, რომელმაც საოცარი მესიჯები მიიღო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის თბილისის მერიას, კომპანიას „m2“-ს მასპინძლობისთვის და რა თქმა უნდა საქპატენტს, რომლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გავახარეთ. ამ თვეში კიდევ გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, რადგან ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი გაცოცხლდეს და კარგი ამბები დატრიალდეს.

– ბატონო მინდია, რას წარმოადგენს თქვენი ორგანიზაცია?

– დიდი მადლობა შეკითხვისთვის, რადგან ბევრს წარმოდგენა არ აქვს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რა საერთო გვაქვს ახალ პროექტთან. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი – ინტელექტუალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმითაა ჩამოყალიბებული. ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას ვახორციელებთ. მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტია სასაქონლე ნიშანი, რაიმეს დიზაინი ან გამოგონება, რომლის რეგისტრაციას ვახდენთ ან გავცემთ პატენტს. რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა – სადაა აქ საავტორო უფლებები. სინამდვილეში, ინტელექტუალური საკუთრება იმავდროულად საავტორო უფლებებიცაა, რადგან სწორედ საავტორო უფლებები ვრცელდება და იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს, რომლებიც ავტორის ინტელექტუალური საკუთრებაა. საავტორო უფლებები არა მარტო ჩვენი უწყებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ის მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან. ნებისმიერი კონცერტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების გამოხატულებაა. ამასთანავე, საავტორო და მომიჯნავე უფლებები ერთგვარი მექანიზმია, რათა მოხდეს ავტორების და შემოქმედებით პროცესში ჩაბმული ადამიანების სააქმიანობის სტიმულირება. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შექმნას ისეთი გარემო, სადაც განვითარდება ინოვაცია და შემოქმედებითი პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენც ყოველთვის მხარში ვუდგავართ ხელოვანებს და მომავალშიც ასე იქნება.

– რა როლი შეასრულა საქპატენტმა ახალი პროექტის განხორციელებაში?

– ვირუსმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნა განსხვავებული დღის წესრიგი. პანდემიიდან გამომდინარე შეიზღუდა მუსიკალურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული გარკვეული დარგები და ადამიანებს შემოსავლის მიღების სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ჩვენ, ერთი მხრივ, მათ დავუჭირეთ მხარი, მეორეს მხრივ კი, მუსიკოსები შევახვედრეთ მსმენელებს და ხელი შევუწყვეთ დადებიითი ემოციის შექმნას. ახლა საქპატენტი სასწავლო კურსზე მუშაობს, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩართულ პირებზე იქნება ორიენტირებული და გარკვეული პროდუქტის ციფრული დისტრიბუციისა და მონეტიზაციის სფეროში აამაღლებს მათ ცნობიერებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გართობის ინდუსტრია ტრანსფორმირდა, ციფრულ პლატფორმაზე გადავიდა და მუსიკოსების შემოსავალის წყაროც სწორედ ინტერნეტს დაუკავშირდა.

– რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში. როგორ შეიძლება ინტელექტუალური საკუთრებიდან სარგებლის მიღება და რა როლს ასრულებთ თქვენ ამ პროცესებში?

– სამწუხაროდ, საქართველოში ციფრული დისტრიბუციის და მონეტიზაციის მიმართულებით სერიოზული პრობლემები გავქვს, რადგან ცნობიერება ნაკლებია. ჩვენი უწყების სასწავლო ცენტრი სწორედ სასწავლო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სრულიად უფასო იქნება ამ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის. სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანი დაინტერესებულ პირთათვის იმ ინსტრუმენტების გაცნობა და მიწოდებაა, რომლითაც საკუთარი პროდუქტის ციფრულ დისტრიბუციას განახორციელებენ და დამატებითი შემოსავლის გენერირებას შეძლებენ. მსოფლიოში მუსიკალური ბაზრის დაახლოებით 35%-იანი შემოსავალი დისტრიბუციაზე და სტრიმინგზე მოდის, დაახლოებით 40% – ცოცხალ პერფორმანსებზე, საქართველოში კი, 35 %-იანი შემოსავალი ავტორებს ეკარგებათ, რადგან ციფრული დისტრიბუციის, მონეტიზაციის და სტრიმინგის მიმართულებით არ არსებობს ცნობიერება. სწორედ ავტორების დახმარება, მათი უფლებების დაცვის და ციფრულ პლატფორმებზე პროდუქტის განთავსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა ჩვენი მთავარი მიზანი.

– რამდენადაც ვიცი, ნებისმიერ მსურველს მიეცემა ვებინარში ონლაინ-დისტრიბუციაში მონაწილეობის მიღების საშუალება?

– გეთანხმებით, მართლაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მონაწილეობას, რადგან მონეტიზაციას და ციფრულ დისტრიბუციაზე საუბრისას, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ავტორების, უფლებათა მფლობელების გააქტიურება. ვფიქრობ, შესაძლებელია ეტაპობრივად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ავტორების უფლებების დასაცავად, რადგან საავტორო უფლებები ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ინტელექტუალურ, შემოქმედებით შრომას და დახარჯულ რესურსს გულისხმობს, რომელიც შესაბამისი ჰონორარით უნდა ანაზღაურდეს.

თეონა ჯორბენაძე:

– კონცეპტ-არტის სოციალური მედიის ახალგაზრდა მენეჯერები მოუთმენლად ელიან ამ პროგრამას. ალბათ იცით, რომ ჩვენს გაერთიანებასთან ძალიან ბევრი არტისტი თანამშრომლობს და აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას, ტექნიკურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მათ, ვისაც ამის საჭიროება ექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის საქპატენტი, რადგან ერთი მხრივ, არაერთი სცენარი მაქვს დეპონირებული, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა,  მეორე მხრივ, ძალიან გულისამაჩუყებელია გახსენება, რომ მამის – კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის გარდაიცვალების შემდეგ მთელი მისი არქივი სწორედ საქპატენტში დავარეგისტრირე. საოცარი შეგრძნებაა, რადგან 19 წელია გარკვეული თანხა მერიცხება.

რაც შეეხება მონეტიზაციას – ვფიქრობ, ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებამდე, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არტისტიც – პროფესიაა. ცოტა ხნის წინ ოპერის მომღერლებთან ვსაუბრობდით და მაშინ აღვნიშნეთ, რომ სიმღერისთვის ძალიან ბევრი რამაა საჭირო, საზოგადოებას კი ჰგონია, რომ მუსიკოსი ძალიან მსუბუქად გამოდის სცენაზე მათ გასართობად. პანდემიის პირობებში მუსიკოსებმა ყველანაირი შემოსავალი დაკარგეს. შარშან, პირველი კარანტინის დროს, როცა წყნეთში მოვაწყვე კონცერტი, ძალიან ბევრი ვინერვიულე, რადგან ყველა მიწვევას ელოდა, ბილეთის შეძენა კი არავის უნდოდა. ადამიანებს არ ესმით, რომ არტისტი ისეთივე პროფესიაა, როგორც ყველა სხვა, რადგან ისიც  გარკვეულ პროდუქტს ქმნის და როგორც პურის მიღება არ შეიძლება უფასოდ, ისე მის პროდუქციას აქვს გარკვეული ფასი. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროსთვის განსხვავებული რეგულაციების შექმნა, რათა გავაცოცხლოთ და გადავარჩინოთ შემოქმედების ყველა ფორმა. აუცილებლად გასათვალისწინებელია არტისტების მდგომარეობა, რომელთაც ერთი მხრივ შემოსავალი დაკარგეს, მეორე მხრივ კი, ის უმნიშვნელოვანესი – სცენაზე გამოსვლა, პუბლიკის ემოცია და აპლოდისმენტები დააკლდათ, რომლებსაც ვერასდროს შეცვლის ონლაინ-სივრცე.

– რას გეგმავს საქპატენტი სამომავლოდ?

– სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ინტერნეტ-მეკობრეობის თვალსაზრისით. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინტელექტუალური და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის, გავრცელებისა და გამოყენების პროცესებზე. მუსიკალური ნაწარმოებების ერთგვარი გლობალიზაცია მოხდა, რაც ერთი მხრივ კარგია, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მეორე მხრივ,  მეკობრეები გააქტიურა. მათი მოქმედება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, არამედ ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება, რადგან ადამიანი შრომობს, გარკვეულ პროდუქტს ქმნის და ვერ იღებს ჰონორარს. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით ბოლო წლებში, აქტიური ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო კუთხით და განხორციელდა მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები გამოეხმაურნენ. თანხმობა საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე მივიღეთ, ამიტომ სავარაუდოდ ერთ თვეში საჯარო დისკუსიებს გავმართავთ. ინტერნეტსივრცეში მრავლადაა განთავსებული არალეგალური ქონთენთი, რომელიც ჰონორარს ართმევს ავტორებს, ჩვენ მიერ შემოღებული ცვლილებებით კი არალეგალური ქონთენთის აღმოჩენის შემთხვევაში, ის ავტორის ოფიციალური განაცხადების საფუძველზე დაიბლოკება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები