ზამთრის კურორტებზე სეზონი გაიხსნა. გუდაურსა და ბაკურიანში ადგილობრივთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ჩამოვიდნენ. ახალი წლის შემდგომ პერიოდში სასტუმროების დატვირთულობაც გაიზარდა.
თუმცა რჩება გარკვეული საკითხები, რაც პანდემიის გარდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც უკავშირდება. როგორ მიდის სეზონი ზამთრის კურორტებზე, ამის შესახებ „ფორტუნა“ Inn Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერეკლე კოკაიას ესაუბრა.
-ერეკლე ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, თოვლი თუ მოვიდა გუდაურში. ბაკურიანში, როგორც ვიცი, დღეს ელოდებიან…
-გუდაურში თოვლი ისედაც გვქონდა, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავხსენით სეზონი, გაიხსნა საბაგიროები, რაც ნიშნავს, რომ სეზონი ოფიციალურად გახსნილია.
ბაკურიანში ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო. ბაკურიანშიც არის თოვლი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა საბაგირო გახსნილი არაა და ეს ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია, რაც აფერხებს კურორტის სრულყოფილად ამუშავებას.
ადამიანები ბაკურიანში ჩამოდიან არამხოლოდ სუფთა ჰაერისთვის, არამედ სასრიალოდ და შესაბამისად დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირაშივე ჩართავენ საბაგიროებს, რადგან გამოცხადებულია თოვა და არა ერთი, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში ითოვებს.
-საახალწლო სეზონი ყოველთვის გამორჩეულია როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში. ელოდებით ტურისტული ნაკადის ზრდას?
– საახალწლო დღეები საკმაოდ დატვირთული იყო, 100 პროცენტით ვიყავით დაკავებული გუდაურშიც და ბაკურიანშიც და საბედნიეროდ როგორც უცხოელებისგან, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისგან მოთხოვნა ახლაც გრძელდება. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული იქნება, მოლოდინია, რომ სხვადასხვა ხარვეზები, რომელიც კურორტებზე არსებობს, აღმოიფხვრება.
– თქვენი ჯგუფის სასტუმროებზე გასაგებია, რომ ყველაფერი კარგადაა, სხვების შესახებაც გექნებათ ინფორმაცია. რამდენად დატვირთულია თქვენი სექტორი?
-ჩვენი კოლეგები საკმაოდ მაღალი დატვირთვით მუშაობენ და მათთანაც აშკარად გაზრდილია მოთხოვნა. ყოველი შემთხვევისთვის ის მოლოდინი, რაც ამ სეზონზე გვქონდა, უმრავლესობა სასტუმროებს გაუმართლა.
განსაკუთრებით კარგად მუშაობს ბაკურიანი, რომელიც ქართველებზე იყო ყოველთვის ორიენტირებული და დღესაც იქ დამსვენებლების უმეტესობა ქართველები არიან.
გუდაურში კი დამსვენებლების უმეტესობა კვლავ უცხოელები არიან და რაც კარგის მაჩვენებელა და ნიშნავს, რომ ზამთრის კურორტი ასე თუ ისე კარგად მუშაობს.
სვანეთს კი ჯერ კიდევ მეტი პიარი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გზა ასე თუ ისე მოწესრიგებულია და არის ფრენები, სვანეთს ჯერ კიდევ არ აქვს სახელი გათქმული, როგორც ფართო სათხილამურო კურორტს.
გოდერძის პრობლემა კი სამწუხაროდ კვლავ ინფრასტრუქტურაა. გოდერძის სათხილამურო ტრასამდე მისასვლელი გზა ბოლომდე გამართული არაა და შესაბამისად გარდა იმისა, რომ დიდი გზა სჭირდება თბილისიდან გოდერძის კურორტამდე ასვლას, ამას ემატება, რომ გზა არ არის მოწესრიგებული.
-ინფრასტრუქტურაზეც მინდა გკითხოთ. ბევრი ადამიანისგან მესმის უკმაყოფილება და წუწუნი, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაკურიანში საცობებია, არეულია ერთმანეთში ცხენი, ადამიანი, მანქანა და ტალახი. ბაკურიანისთვის საცობი ცოტა უჩვეულო მოვლენაა. თბილისში კიდევ მივეჩვიეთ…
– ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოპულარული გახდა ბაკურიანში დასვენება, კურორტზე უმეტესობა ქართველი დამსვენებლები არიან, შესაბამისად თავიანთი მანქანით ადიან და რა თქმა უნდა, ეს საცობებს ქმნის.
ამის მოგვარება პირველ რიგში შეიძლება იმით, რომ სახელმწიფომ მოაწყოს საპარკინგე ადგილები. ამას ისედაც აკეთებდა. ბოლოს 2018 წელს დაემატა საპარკინგე ადგილი ბაკურიანში, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ კიდევ დაამატებენ.
გარდა ამისა აუცილებელია, რომ გზები იწმინდებოდეს ძალიან ხშირად, რადგან ბაკურიანში საღამოს ძალიან ყინავს და შესაბამისად თოვლი ყინვად იქცევა ხოლმე გზებზე და ეს რასაკვირველია, პრობლემებს ქმნის, გზებზე გადაადგილება შეუძლებელია ხოლმე და ასეთი პრობლემა მოსაგვარებელია ყოველდღიურ რეჟიმში.
-კიდევ რა პრობლემები იკვეთება ზამთრის კურორტებზე გარდა ინფრასტრუქტურული და გზის პრობლემისა?
– საბედნიეროდ დიდი პრობლემები არ არის, სხვა წლებში იყო ხოლმე წყლის პრობლემა და მისი გაკეთების აუცილებლობა ხშირად დგებოდა, მაგრამ ახლა ეს ზამთარი და ახალი წლები ისე გადავიარეთ, რომ ასეთი პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ბაკურიანში გახსნან საბაგიროები. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ხსნიდნენ, იყო ამინდი, მაგრამ რეალურად კერძო საბაგიროები თვითონ ბაკურიანში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არაკერძო საბაგიროების გახსნაც შესაძლებელია.
-გასაგებია, რომ მოლოდინიც უფრო ოპტიმისტურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან სეზონი ფაქტობრივად მარტში გაიხსნა. წელს ეს შეზღუდვები არ ჩანს, მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ მით უფრო არ ჩანს, რომ რაღაც შეზღუდვები იქნება თუნდაც ახალ შტამებთან დაკავშირებით.
– დღესდღეობით მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს, ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, სასტუმროში იცხოვროს, მწვანე ბარათი უნდა ჰქონდეს. ამ მოთხოვნამ დიდად არ იმოქმედა დამსვენებლების რაოდენობაზე, რადგან მწვანე პასპორტი ბევრს აქვს და ამ სეზონზე სასტუმროები ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ.
-ოპტიმისტური გადაცემა გამოგვივიდა. მახსოვს, როგორ რთულ ვითარებაში აღმოჩნდით 2020 და 2021 წლებში, მახსოვს ის პრობლემები, რაზეც მედიაში ხშირად საუბრობდით და კარგია, რომ ეს პრობლემები მოგვარებულია.
პრინციპში ჩვენ ვისწავლეთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და მით უფრო, როდესაც აცრის საშუალება არის, ალბათ სჯობს, რომ ამით ვისარგებლოთ და დავისვენოთ იქ და ისე, როგორც გაგვიხარდება.
იმედია, ის პრობლემები, რომელზეც ვისაუბრეთ აღმოიფხვრება და ნაკლები პრობლემა ექნებათ დამსვენებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ჩვენი სამთო – სათხილამურო კურორტები სვანეთში და მაღალმთიან აჭარაში.